მაია გომური საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/11/1803 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ნოემბერი 2024 20:22 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: მაია გომური საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანების დანართის „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1803) მომართა მაია გომურმა. №1803 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 9 ნოემბერს. №1803 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1803 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ისეთი სპეციალური საშუალებები, როგორებიცაა - ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) გამოიყენება პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანების დანართით დამტკიცებული ინსტრუქციის (შემდგომში - „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია“) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, „სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ეკრძალება არალეტალური იარაღისა და არალეტალური ჭურვის გამოყენება ოცი მეტრის დისტანციაზე ახლოს მყოფი პირის წინააღმდეგ, ასევე სხეულის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილებში (თავი, კისერი, მუცელი, გენიტალიები), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პირთა ჯგუფის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი“.
4. მოსარჩელისთვის პრობლემურია ზემოხსენებული დანაწესის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენებას ოცი მეტრის დისტანციაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, ამ ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენებას კონსტიტუციურად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამგვარი ჭურვისათვის დადგენილი იყოს სროლის არა 20 მეტრიანი მინიმალური მანძილი, არამედ უფრო მეტი - სამიზნიდან მინიმუმ 50 მეტრიანი დისტანცია. რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიისაგან განსხვავებით, სხვა არალეტალურ ჭურვებთან მიმართებით 20 მეტრიანი მანძილი კონსტიტუციურია და, შესაბამისად, ამ სარჩელით არ არის სადავო.
5. №1803 კონსტიტუციურ სარჩელის ავტორისთვის, სხვა გარანტიების არარსებობასთან ერთად, პრობლემურია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი წესის დაუცველად არალეტალური იარაღის, არალეტალური ჭურვის (მოცემულ შემთხვევაში, რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვია), როგორც უკიდურესი საშუალების, გამოყენების შესაძლებლობას მაშინ, როცა სხვა ნაკლებად დამაზიანებელი საშუალების გამოყენება აშკარად არაეფექტიანია ძალადობის აღსაკვეთად. მოსარჩელე აკონკრეტებს, რომ სადავო ნორმებში ნახსენები სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენება არ წარმოადგენს დავის საგანს.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
7. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მაია გომური არის 2019 წლის 20-21 ივნისს ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული საპოლიციო მოქმედებების შედეგად დაზარალებული, რომელმაც ცალკეული სამართალდამცავების მიერ ძალადობითა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო, მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 11 ნოემბერს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის დადგენილებით, მაია გომური ცნობილ იქნა დაზარალებულად.
8. №1803 კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის მაია გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001929721 სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმად, დასტურდება, რომ მოსარჩელეს მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოში აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები. კერძოდ, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მაია გომურის მიმართ არსებული დიაგნოზია „თვალის კაკლის მოწყვეტა, თვალის კაკლის დეგენერაციული მდგომარეობა, ქუთუთოსა და პერიოკულური არის ღია ჭრილობა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ნახეთქი ნაფლეთოვანი ჭრილობები, ქსოვილის დეფიციტი პერიოკულარულ მიდამოში“.
9. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2019 წლის აქციაზე ყოფნის დროს მაია გომურს მარცხენა თვალში მოხვდა რეზინის ტყვია, რის შედეგადაც დაკარგა მხედველობა და მიიღო თვალის კაკლის ჭრილობა. ამგვარად, მოსარჩელის მიმართ გავრცელდა სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ითვალისწინებს ნებისმიერი ტიპის არალეტალური ჭურვის გამოყენებას და არ განასხვავებს/არ ახდენს კლასიფიცირებას არალეტალური ჭურვის სხვადასხვა სახეობას შორის. მაგალითად, სადავო ნორმა არ კრძალავს ისეთი არალეტალური ჭურვის გამოყენებას, როგორიცაა რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ჭურვი. სადავო ნორმა ითვალისწინებს ისეთი არალეტალური იარაღის გამოყენებას, რომელიც მოიცავს ერთდროულად, რამდენიმე ჭურვის გასროლის შესაძლებლობას, როდესაც ერთი გასროლით ერთი პირის მიმართულებით რამდენიმე რეზინის ბურთულა ცვივა. სადავო ნორმა ითვალისწინებს ერთი ჭურვის ე. წ. „რიკოშეტის“ ეფექტით გამოყენების შესაძლებლობას, ანუ სამიზნისათვის ტყვიის არაპირდაპირი სროლის შესაძლებლობას, როდესაც ჭურვი ჯერ მყარ ზედაპირს ხვდება, სადაც ის იფანტება და საფანტი საბოლოოდ აღწევს სამიზნემდე. ამგვარი მეთოდით ტყვიის სროლა უფრო დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ჭურვი უშუალოდ ადრესატს ხვდება.
10. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს ჭურვის გამოყენებას ადამიანის ჯგუფის მიმართ და არა სამიზნედ ერთი კონკრეტული პირის არჩევას, რომელიც ჩადის ძალადობრივ ქმედებას სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა პირების მიმართ. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, მართალია, აკრძალულია არალეტალური ჭურვის სროლა ადამიანის თავის მიმართულებით, თუმცა სადავო ნორმა არ აკისრებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს არალეტალური ჭურვი შემაღლებული ადგილიდან ან დრონის მეშვეობით. ამ გზით ჭურვის გამოყენება ზრდის თავის დაზიანების საფრთხეს.
11. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის სხვადასხვა სპეციალურ საშუალებას (ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი)) ისე, რომ არ არსებობს იმაზე მითითება, თუ რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამ საშუალებების გამოყენება. ეს საშუალებები განსხვავდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხით. არალეტალურ ჭურვს შეუძლია სამუდამოდ დააკარგვინოს ადამიანს მხედველობა. სხვა სპეციალური საშუალებებსაც გააჩნია ჯანმრთელობის დაზიანების რისკები, თუმცა წიწაკის გაზის და აკუსტიკური საშუალებით მიყენებული დაზიანების ხარისხი უფრო მსუბუქია, ვიდრე რეზინის ტყვიით გამოწვეული დაზიანება. სადავო ნორმა პოლიციას ანიჭებს იმის უფლებას, რომ მაგალითად, წიწაკის გაზი და აკუსტიკური საშუალება რეზინის ტყვიაზე გვიან გამოიყენოს. ამგვარად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივების გამოყენება წინ არ უძღვის არალეტალური ჭურვის გამოყენებას. სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, არალეტალური ჭურვი გამოიყენოს მაშინ, როდესაც ძალადობის აღსაკვეთად მანამდე უშედეგოდ იქნა გამოყენებული სხვა სპეციალური საშუალებები ან ამ საშუალებების გამოყენება თავიდანვე უვარგისი იქნებოდა ძალადობის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით. ამასთანავე, სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, რომ შეწყვიტოს რეზინის ტყვიების გამოყენება, როცა არეულობა იმგვარ კონდიციამდე მივიდა, რომ მასების მართვა ეფექტიანად არის შესაძლებელი ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებებით. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის ამ კონკრეტული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენება არ არის ultima ratio საშუალება.
12. მოსარჩელის განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს რეზინის ტყვიების გამოყენებას იმისათვის, რომ ადამიანმა დატოვოს კონკრეტული ტერიტორია ან სატრანსპორტო საშუალება. რეზინის ტყვიის გამოყენება უნდა ხდებოდეს, როცა პირი ფიზიკურად ძალადობს სხვაზე, როცა ადამიანი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის სხვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია პირის მიმართ არალეტალური ჭურვის გამოყენება. მას შემდეგ, რაც აღკვეთილი იქნება სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ქმედება, პოლიციამ უნდა გამოიყენოს ნაკლები ზიანის შემცველი საშუალებები. როდესაც ადამიანს უკავია კონკრეტული ტერიტორია ისე, რომ არ არის შეიარაღებული და არავის სიცოცხლეს არ უქმნის საფრთხეს, მის განსადევნად საკმარისი იქნება წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზის გამოყენება. მოსარჩელის მითითებით, ამ შემთხვევაში რეზინის ტყვიის გამოყენება გაუმართლებელია, ვინაიდან არააუცილებელ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ადამიანი სატრანსპორტო საშუალებაში უკანონოდ იმყოფება ისე, რომ საფრთხეს არ უქმნის სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პოლიციამ უნდა გამოიყენოს ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება და ფიზიკური ორთაბრძოლის საშუალებები, რათა ადამიანს დაატოვებინოს სხვისი სატრანსპორტო საშუალება. მოსარჩელის მტკიცებით, რეზინის ტყვიის მოცემულ შემთხვევაში გამოყენება არაპროპორციული საშუალებაა.
13. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ ზემოთ ხსენებული გარანტიების არარსებობის პირობებში, არალეტალური ჭურვის გამოყენება იწვევს არააუცილებელ ფიზიკურ და სულიერ ზიანს, რაც არ აღემატება იმ სიკეთეს, რის დასაცავადაც ამ საშუალების გამოყენება ხდება, ამის გამო, აღწევს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სიმკაცრის ზღვარს. შესაბამისად, სადავო ნორმები, გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
14. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სახის კვლევებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1803 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1803 კონსტიტუციური სარჩელი („მაია გომური საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე