ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/18/1747 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 იანვარი 2025 19:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1747) მომართა ანა ხაჭაპურიძემ. №1747 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 21 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 27 დეკემბერს.
2. №1747 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და ინტერესების რეალიზებისათვის“.
5. №1747 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს აქვს უვადოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა და იგი 2022 წლიდან ირიცხება საქართველოში აკრედიტებული ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი, რომლის თანახმადაც, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტის მოპოვება დამოკიდებულია სსიპ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის“ (შემდგომში „ფონდი“) წარდგენილი საკონკურსო პროექტისთვის საჭირო საბიუჯეტო ხარჯების სიმცირეზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულირება არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და ინტერესებს, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ზრუნვის კონსტიტუციური ვალდებულება.
6. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოველდღიურობა დამატებით მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დოქტორანტის მიერ წარდგენილი საკონკურსო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო მოცულობა, თავისთავად, აღმატებული იქნება იმ პირის მიერ წარდგენილ ბიუჯეტზე, რომელსაც შესაძლებლობები არ აქვს შეზღუდული. ამდენად, მოსარჩელის მტკიცებით, დაბალბიუჯეტიანი კვლევითი პროექტის წარდგენის ნაწილში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა დოქტორანტები არ არიან არსებითად თანასწორი პირები და, შესაბამისად, სახელმწიფოს მათ მიმართ უჩნდება დიფერენცირებული მოპყრობის საჭიროება. აღნიშნულისგან განსხვავებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა არსებითად უთანასწორო პირების მიმართ ადგენს ერთგვაროვან მოპყრობას.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ფონდისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადაცემულია გარკვეული რაოდენობის საგრანტო პროექტთა დასაფინანსებლად საჭირო ფინანსები, შესაბამისად, სადავო რეგულირება, რომელიც ორიენტირებულია, შეარჩიოს დაბალბიუჯეტიანი პროექტები, ახდენს არა ზოგადად სახელმწიფოს ბიუჯეტის ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არამედ უშუალოდ ფონდისთვის გადაცემული რესურსების დაზოგვას, რომელთა ხვედრითი წილი განსაკუთრებით მცირეა. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარტოოდენ ფონდის საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უფლების შეზღუდვის გასამართლებლად საკმარის ლეგიტიმურ მიზნად.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, რის გამოც, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმის თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ კვლევით პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
3. №1747 კონსტიტუციური სარჩელიდან დგინდება, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საგრანტო პროექტის შეფასებისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, აგრეთვე, აღნიშნულ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ ქულათა დაჯამების წესს. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო რეგულირების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დოქტორანტისა და ასეთი სტატუსის არმქონე პირის მიერ წარდგენილი კვლევითი პროექტების შეფასების შემდეგ, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებს იმ პროექტს, რომლის განსახორციელებლად საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო მოცულობა შედარებით ნაკლებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია მთლიანად მიემართება სადავო ნორმის მეორე წინადადებას, ხოლო პირველ წინადადებასთან დაკავშირებით არ არის მოყვანილი დამატებითი არგუმენტაცია, რადგან სასარჩელო მოთხოვნა ამოიწურება სადავო ნორმით განსაზღვრული სწორედ იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობაზე აპელირებით, რომლის თანახმადაც, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გადამწყვეტია საგრანტო პროექტთა ბიუჯეტის მოცულობა.
4. აღნიშნულის გათვალისწინებით, №1747 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ ასევე არის გამხდარი „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების არსიდან მომდინარეობს ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის, არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს - პირიქით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე მრავალგზის დადგენილია, რომ თანასწორობის კონსტიტუციური უფლების მოთხოვნა არ არის ადამიანთა შედეგების თანასწორობის ხელოვნური უზრუნველყოფა, არამედ ამა თუ იმ სფეროში ადამიანთა თვითრეალიზებისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირება და პირთა შესაძლებლობების გამოვლენის ხელშემშლელი ფაქტორების ნეიტრალიზება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
7. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თანასწორობის უფლება შეიძლება, არათანაზომიერად შეზღუდოს, მათ შორის, ისეთმა ნორმატიულმა წესებმა, რომლებიც არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ ადგენს თანაბარ მოპყრობას, რითაც ამცირებს კონკრეტულ ურთიერთობაში უფლებებით თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობას. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმით განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საგრანტო კვლევითი პროექტის დაფინანსების მიზნით, გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, კონკურსში მონაწილე დოქტორანტების მიერ წარდგენილი კვლევითი პროექტები თუ შეფასების სამივე კრიტერიუმში თანაბარ ქულებს დააგროვებს, უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტს, რომლის განსახორციელებლად საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო მოცულობა შედარებით ნაკლებია. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უწევს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გაწევა, ხოლო სადავო ნორმა კი ყურადღების მიღმა ტოვებს მის აღნიშნულ განსაკუთრებულ საჭიროებებს. თუკი წარდგენილი კვლევითი პროექტები შეფასების სამივე კრიტერიუმში თანაბარ ქულებს დააგროვებს, მათ შორის უპირატესობის მინიჭება დაკავშირებულია დამატებით კრიტერიუმთან - ბიუჯეტის სიმცირესთან. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე დოქტორანტს წარდგენილი საკონკურსო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების საერთო მოცულობის განსაზღვრისას, შესაძლოა, დასჭირდეს ისეთი მნიშვნელოვანი, კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ინკორპორირება, რომელთაც აღნიშნული სტატუსის არმქონე პირები ბიუჯეტის დაგეგმარებისას არ ითვალისწინებენ. შესაბამისად, გამარჯვებული კვლევითი პროექტის გამოსავლენად ამგვარი კრიტერიუმის შემოღება, შესაძლოა, ნეგატიურ გავლენას ახდენდეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის მიერ წარდგენილი პროექტის დაფინანსების პერსპექტივაზე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1747 კონსტიტუციური სარჩელი, ამ მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1747 კონსტიტუციური სარჩელი („ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1747 კონსტიტუციური სარჩელი („ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში