საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/1/1362 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/1/1362 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 მარტი 2025 18:28 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/1/1362 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/1/1362 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა №1362 კონსტიტუციური სარჩელით („ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სადავოდ გამხდარი ნორმა და არ იმსჯელა იმ ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის, კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას, მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას.
3. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2017 წელს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ განწესების მოთხოვნით მიმართეს სამი წლის ვადით დანიშნულმა მოსამართლეებმა. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, ამავე საბჭოს წევრმა – ანა დოლიძემ გააკეთა საჯარო განცხადებები, რომლებშიც იგი საუბრობდა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დასანიშნ კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრების დროს, კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატებმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და, სადავო ნორმის საფუძველზე, მოითხოვეს მათი არჩევის პროცედურისაგან ანა დოლიძის აცილება. შუამდგომლობების ავტორთა მტკიცებით, მოსარჩელის მიერ საჯარო განცხადებაში მითითებული გარემოებები ეჭვს იწვევდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შუამდგომლობები დააკმაყოფილა და ანა დოლიძე ააცილა შუამდგომლობების ავტორთა გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცედურას. მოსარჩელემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 7 ივნისის №3/1365-18 გადაწყვეტილებით, კანონიერად მიიჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ანა დოლიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით, გაიზიარეს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა.
4. როგორც №1362 კონსტიტუციურ სარჩელში, ისე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება იყო ზოგადი ხასიათის, წინასწარ არ დაუფიქსირებია, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა კონკურსში მონაწილე კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით და ამ ტიპის განცხადება არ უნდა გამხდარიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძველი. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, რამდენადაც გასაჩივრებული დებულება, მისი შინაარსიდან და საერთო სასამართლოების, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, პრაქტიკიდან გამომდინარე, იძლეოდა მოსარჩელის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე პირის აცილების შესაძლებლობას. ამასთანავე, მოსარჩელეს ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობა საჯაროდ გამოთქმული მოსაზრების გამო, სადაც იგი, მართალია, პერსონიფიცირებულად საუბრობს მოსამართლეობის კანდიდატის/კანდიდატების არაკეთილსინდისიერებაზე, თუმცა მოქმედებს არა პირადი მტრობიდან გამომდინარე, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით (იხ., არსებითი სხდომის ოქმი გვ. 120-121).
5. ამდენად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის სრულყოფილად იდენტიფიცირების შემთხვევაში, აშკარა იყო, რომ იგი დავობდა ორი მიმართულებით. პირველი, ანა დოლიძეს მიაჩნდა, რომ მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელშიც წინასწარ არ გაუჟღერებია, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით და არ შეუფასებია ცალკეული პირის კეთილსინდისიერება, არ უნდა გამხდარიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძველი. მეორე, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მაშინაც კი, თუკი იგი პერსონიფიცირებულად საუბრობს მოსამართლეობის კანდიდატის/კანდიდატების არაკეთილსინდისიერებაზე, თუმცა მოქმედებს არა პირადი მტრობიდან გამომდინარე, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით.
6. მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის მკაფიოობისა, საკონსტიტუციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა, ანა დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც იდენტიფიცირებული არ იყო, კონკრეტულად რომელ კანდიდატზე საუბრობდა იგი და არც იმას მიუთითებდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რამდენად შეიძლება გამხდარიყო მისი აცილების საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმაზე, შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის მიმდინარეობისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოებულობის მოტივით აცილება მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე, საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო, სადაც იგი პერსონიფიცირებულად საუბრობს მოსამართლეობის კანდიდატის/კანდიდატების არაკეთილსინდისიერებაზე (იხ., №3/1/1362 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-12 პარაგრაფი).
7. მიგვაჩნია, რომ 2025 წლის 7 მარტის №3/1/1362 გადაწყვეტილებაში შეფასებული მოცემულობა სრულყოფილად არ ასახავს სასარჩელო მოთხოვნის არსს. ჩვენი პოზიციით, საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზოგადად აფასებს სასამართლო სისტემას და ამ სისტემაში მიღებულ გამოცდილებას, ისე, რომ არ საუბრობს კონკრეტულ, იდენტიფიცირებულ კანდიდატზე და არ აჟღერებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი ამ პირთან მიმართებით, არ შეიძლება გახდეს მისი აცილების საფუძველი. სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკა და უზენაესი სასამართლოს განმარტება მიუთითებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება დასაშვებია, მათ შორის, მაშინაც კი, როდესაც იგი, მართალია, საუბრობს იდენტიფიცირებად პირთა წრეზე, თუმცა არა კონკრეტულ კანდიდატზე და მისი შეფასების საგანი არ არის ცალკეული პირის კეთილსინდისიერება (არ აჟღერებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით). ამდენად, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლის ამგვარად გამოყენება არღვევს საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.
1. სადავო ნორმის შინაარსისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკაში მისი გამოყენების ანალიზი
8. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება დასაშვებია, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას. სწორედ აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით, 2018 წლის 6, 7 და 8 თებერვალს, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დასანიშნ კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრების დროს, კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატებმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვეს მათი არჩევის პროცედურისაგან ანა დოლიძის აცილება. შუამდგომლობების ავტორთა მტკიცებით, მოსარჩელის მიერ საჯარო განცხადებაში მითითებული გარემოებები წარმოშობდა ეჭვებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
9. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი ის განცხადება, რომელიც უშუალოდ გახდა ანა დოლიძის აცილების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსის განსასაზღვრად, დავეყრდნობით იმ ტექსტს, რომელიც თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების აქტებშია მითითებული, როგორც მოსარჩელის მიერ გაკეთებული განცხადება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის №3/1365-18 გადაწყვეტილების თანახმად, ანა დოლიძემ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ მოსამართლეებს, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის საფუძველზე მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მართალია, ჰქონდათ სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ მათ ეს გამოცდილება დააგროვეს ძალიან მძიმე წლებში, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებმა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებდნენ სისხლის სამართლის სფეროში და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა მოსამართლეების ხელით, ხდებოდა პირების უკანონო დაკავება, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრება, ამიტომ გამოცდილება, რომელიც შეიძლება ბევრ მოსამართლეს ჰქონდეს დაგროვილი, შეიძლება სულაც არ იყოს საამაყო, ის არც წაადგეს სასამართლო სისტემას. ცალსახაა, რომ 2004-2012 წლებში ხორციელდებოდა პოლიტიკური რეპრესიები, ხოლო რეპრესიები ხორციელდებოდა მოსამართლეების მეშვეობით, უმეტესწილად, მათ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებში. საერთო სასამართლოების აქტებში, ასევე, მითითებულია ანა დოლიძის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც მან გააკეთა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დღეს და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლებულიყო „ადეიშვილის ნარჩენებისაგან .. მათი წუთები დათვლილია“.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ანა დოლიძემ საკუთარ განცხადებაში იდენტიფიცირება მოახდინა იმ მოსამართლეებისა, რომლებიც მუშაობდნენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და გამოხატა სუბიექტური დამოკიდებულება მათ მიმართ. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც 2004-2012 წლებში სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მუშაობდნენ, ანა დოლიძეს ჰქონდა მიკერძოებული და სუბიექტური დამოკიდებულება, რაც ქმნიდა მისი კონკურსიდან აცილების საფუძველს. 2019 წლის 11 იანვრის განჩინებაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ ანა დოლიძის განცხადებაში მითითებული არ არის კონკრეტული სახელი და გვარი, თუმცაღა, განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, იკვეთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის წინასწარი მიკერძოებული დამოკიდებულება კონკურსში მონაწილე კანდიდატთა ნაწილთან მიმართებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში კი მითითებულია, რომ ანა დოლიძის განცხადებაში მოსამართლეები სახელობით არ იყვნენ დასახელებული, თუმცა, ფრაზის კონტექსტისა და განცხადების სრული შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო მოსამართლეთა ჯგუფის იდენტიფიცირება, რაც ქმნიდა აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენებისა და მისი დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
11. ამდენად, საერთო სასამართლოების განმარტებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოების საფუძვლით აცილებისათვის საკმარისია საჯარო განცხადება, რომელშიც, მართალია, მითითებული არ არის კონკრეტული მოსამართლის/მოსამართლეობის კანდიდატის სახელი და გვარი, თუმცა, შესაძლებელია იმ პირთა წრის განსაზღვრა, ვის შესახებაც საუბრობდა საბჭოს წევრი. მაგალითად, ამ შემთხვევაში, ასეთ განსაზღვრებად პირთა წრედ საერთო სასამართლოებმა მიიჩნიეს 2004-2012 წლებში სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მომუშავე მოსამართლეები.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა სადავო ნორმის სწორედ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომლის შესაბამისადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილებისათვის საკმარისი საფუძველია მისი საჯარო განცხადება, როდესაც იგი კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით არ აფიქსირებს საკუთარ შეხედულებას და წინასწარ არ აჟღერებს პოზიციას მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა, განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, იდენტიფიცირებადია პირთა წრე, რომელთაც, შესაძლოა, ეს განცხადება ეხებოდეს.
13. წინამდებარე განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ ამ ტიპის განცხადების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება და მისი მიკერძოებულად მიჩნევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამ პოზიციის დასასაბუთებლად კი მიმოვიხილავთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ასევე, ზოგადად, აცილების ინსტიტუტის არსს, გამოყენების მიზნებსა და საფუძვლებს და, ამ კონტექსტში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სტანდარტებს.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ფარგლები
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმე შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოების საფუძვლით აცილების საკითხს. შესაბამისად, ერთმანეთს უპირისპირდება ისეთი კონსტიტუციური ღირებულებები, როგორებიცაა, ერთი მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოხატვის თავისუფლება და საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება და, მეორე მხრივ, მოსამართლის თანამდებობაზე სამართლიანი პროცედურით დანიშვნის კონსტიტუციური ინტერესი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, უპირველესად, შეფასდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოხატვის თავისუფლების როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მისი ფარგლები, ხოლო შემდგომ გადაწყდეს, როდის იქნება გამართლებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ჩამოშორება გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან მისი მიკერძოების საფუძვლით.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს მდიდარი პრაქტიკა აქვს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და როლთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ფუნდამენტს, მისი განვითარებისა და თითოეული ადამიანის თვითრეალიზაციის არსებით პირობას წარმოადგენს. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
16. თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება თავისთავადი ღირებულებაა, თუმცა, ამ უფლების დაცვის საჭიროება კიდევ უფრო იზრდება მაშინ, როდესაც საქმე შეეხება საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე შეხედულებებისა თუ ინფორმაციის გავრცელებას. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი მიუთითებს, რომ მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები არ არის სხვა პირის გამოხატვის თავისუფლების მსგავსი, შეზღუდულია მის მიერ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესით და, საჯარო განცხადებების გაკეთებისას, მას მოეთხოვება, გონივრულობის ფარგლებში, სიფრთხილის დაცვა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე სარგებლობს გამოხატვის შედარებით ფართო ფარგლებით, როდესაც იგი საუბრობს სასამართლო სისტემის საკითხებთან, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, მოსამართლეს აქვს და უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად და ღიად, პროფესიულ წრეებში თუ ფართო საჯარო დისკუსიების ფორმატში, ისაუბროს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ პრობლემებზე, განსაკუთრებით, თუ ისინი პირდაპირ გავლენას ახდენს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, მის ეფექტიან ფუნქციონირებასა და მართლმსაჯულების განხორციელების ფუნდამენტურ ასპექტებზე. იმ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკის გამოთქმით, რომელიც უკავშირდება სასამართლო ხელისუფლებას, მოსამართლე, შესაძლოა, მიზნად ისახავდეს სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვას და მის უმთავრეს მიზანს, მსგავსი საჯარო მნიშვნელობის საკითხზე დებატებში წვლილის შეტანის გზით, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტის - სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა წარმოადგენდეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
17. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, არ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლების ამომწურავად განმარტების ან აბსოლუტური სიზუსტით იდენტიფიცირების საჭიროება. დავის საგანი კონკრეტულად შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის იმგვარ გამოხატვას, რომელშიც კრიტიკულადაა შეფასებული სასამართლო სისტემის/მოსამართლეთა წარსული საქმიანობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ტოლობის ნიშანს არ ვსვამთ მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს შორის, რამდენადაც, საქმიანობის სპეციფიკის, მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით, ეს უკანასკნელი გამოხატვის თავისუფლების უფრო ფართო მასშტაბით სარგებლობს. ჩვენი მხრიდან მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლების შედარება კი მხოლოდ იმის დემონსტრირებას ემსახურება, რომ, იდეურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და მოსამართლის გამოხატვა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ერთსა და იმავე მიზანს − საზოგადოების ინფორმირებას, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, გაძლიერებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მისდამი ნდობის ჩამოყალიბებას ემსახურება. შესაბამისად, ლოგიკური იქნება დასკვნა, რომ ამ საკითხებთან მიმართებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სულ მცირე, გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებით სარგებლობს, რაც მოსამართლეს გააჩნია.
18. საქართველოს კონსტიტუციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოა ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე, იღებს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა წახალისებისა და დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების შესახებ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იღებს მოსამართლეთა პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს.
19. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირითადი მიზანი - დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, მიუღწეველი დარჩება, თუკი მას არ ექნება ნდობის მაღალი ხარისხი, როგორც საზოგადოების, ისე სასამართლო კორპუსის მხრიდან. ამ კუთხით, საზოგადოებაში უნდა არსებობდეს განცდა, რომ სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანო და მისი თითოეული წევრი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან თანმხვედრი ღირებულებებით.
20. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა (საერთო სასამართლოს რეფორმა, ინსტიტუციური განვითარება და მოსამართლის თანამდებობაზე განსაწესებლად სათანადო კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მქონე კანდიდატების შერჩევა) ბუნებრივად მოითხოვს ამ პროცესში ისეთი პირების ჩართვას, რომლებსაც მჭიდრო შეხება აქვთ სასამართლო სისტემასთან, იცნობენ არსებულ გამოწვევებს და გააჩნიათ ხედვა მიმდინარე პრობლემების გადაჭრასთან, სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებასა თუ განვითარებასთან დაკავშირებით. რამდენადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრებისაგან, დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ან თუნდაც თავად საერთო სასამართლოს მიერ არჩეულ/დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს წინასწარ ჰქონდეთ გამოთქმული მოსაზრებები სასამართლო ხელისუფლების შიგნით არსებულ პრობლემებთან, ხარვეზებთან თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, კრიტიკულად ჰქონდეთ შეფასებული სასამართლოს წარსული საქმიანობა ან გააჟღერონ ხედვა მართლმსაჯულების სისტემის სამომავლო პერსპექტივების, მისი განვითარების თაობაზე. ცხადია, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა გარდაუვლად მოითხოვს გარკვეული სუბიექტური შეფასებებისა და კრიტიკული დასკვნების გაკეთებასაც. ამგვარი პოზიციების დაფიქსირება, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატისა თუ უკვე წევრის მხრიდან, აუცილებელიც კია და ხშირად, შესაძლოა, მათი კონსტიტუციური მანდატის ნაწილსაც კი წარმოადგენდეს. შესაძლებელია, კონკრეტული პირი სწორედ იმიტომ დაინიშნოს/აირჩეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე, რომ იგი გამოთქვამს კრიტიკას სასამართლოსთან დაკავშირებით, აქვს საკუთარი ხედვა და სუბიექტური დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენია სასამართლოს რეფორმირება. ბუნებრივია ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს გააჩნდეს ინდივიდუალური, სუბიექტური აღქმა იმასთან დაკავშირებით, რა ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება მოსამართლეობის კანდიდატის დანიშვნის პროცესში, რას თვლის იგი მოსამართლეობის კეთილსინდისიერების საზომად და რა მიაჩნია მოსამართლის თანამდებობაზე განწესების დამაბრკოლებელ გარემოებად.
21. აზრთა სხვადასხვაობას არ იწვევს ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წარსული პროფესიული გამოცდილება, განათლება, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კუთვნილება და სხვა ფაქტორები, ქმნის და აყალიბებს აზროვნების იმ ტენდენციას, რომლის შესაბამისადაც, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. სუბიექტური დამოკიდებულებებისა და გამოცდილებების გავლენით ყალიბდება ადამიანის ღირებულებათა სისტემა. და, რამდენადაც უშედეგოა ამ ფაქტის უარყოფა, იმდენად აუცილებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხედვები, მათი კრიტიკული მოსაზრებები, პოზიციები და ღირებულებები ცნობილი იყოს როგორც მათი დამნიშვნელი ორგანოს/პირისათვის, ისე სამოსამართლო კორპუსისა და ფართო საზოგადოებისათვის.
22. ამდენად, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ საკუთარი შეხედულებების, პოზიციებისა და კრიტიკის დაფიქსირება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მის გაჯანსაღებას, არა მხოლოდ სასურველი ან რეკომენდებულია, არამედ აუცილებელიც კია სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანობის გაზრდისა და მისდამი საზოგადოების ნდობის გაძლიერებისათვის. სხვაგვარად, ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან მიმართებით აზრის გამოხატვის უფლების შეზღუდვა, ნეგატიურად აისახება საზოგადოების მხრიდან ამ ორგანოს ლეგიტიმაციასა და სანდოობაზე.
3. მოსამართლის შერჩევის პროცესის მიმართ დადგენილი სტანდარტები
23. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მოსამართლე წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომლის მიერ საკუთარი ფუნქციების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელებაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნებისმიერ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს და, ზოგადად, დემოკრატიის არსებობა და მათი სრულყოფილი რეალიზაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/5/658 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). აქედან გამომდინარე, კანდიდატების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთ სახელმწიფო თანამდებობებზე განწესებასთან დაკავშირებით, როგორიც მოსამართლეა.
24. სასამართლო ხელისუფლების სამართლიანი წესით დაკომპლექტების მოთხოვნა უკავშირდება არა მხოლოდ მოსამართლის თანამდებობაზე განსაწესებელი პირის ინდივიდუალურ უფლებას, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, არამედ - საზოგადოებრივ ინტერესს - მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობასთან შესაფერისმა სუბიექტებმა, რომლებიც საკუთარი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით აკმაყოფილებენ ამ საპატიო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ სტანდარტებს. მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესის გამჭვირვალობა და კვალიფიციური მოსამართლეების განწესების მყარი გარანტიები ემსახურება საზოგადოებაში მართლმსაჯულებისადმი ნდობის განმტკიცებას. ცხადია, ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი გაიზრდება, თუ საზოგადოებამ იცის, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის პროცესი იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს კვალიფიციური, პიროვნული და პროფესიული ნიშნით შესაბამისი კანდიდატების მოსამართლის თანამდებობაზე განწესებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).
25. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულია მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესი. აღნიშნული პროცესი მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს: კანდიდატის მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენას, მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, გასაუბრებას, კანდიდატის შეფასებასა და, საბოლოოდ, თანამდებობაზე დასანიშნ კენჭისყრას. იმისათვის, რათა მოსამართლის შერჩევის პროცესი სამართლიანად ჩაითვალოს, აუცილებელია, ერთი მხრივ, კანდიდატისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები იძლეოდეს თანამდებობაზე კვალიფიციური და პროფესიული ნიშნით შესაბამისი კანდიდატის დანიშვნის შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი, შერჩევის პროცედურა და გადაწყვეტილების მიღების წესი არ აჩენდეს ეჭვებს ამ პროცესის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
26. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს არ წარმოადგენს მოსამართლეობის კანდიდატისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამიტომაც, წინამდებარე ქვეთავის ფარგლებში, ძირითადად, შემოვიფარგლებით, მოსამართლეების შერჩევის პროცესის სამართლიანობის ელემენტზე მსჯელობით. ამ კუთხით, შესაძლოა, გამოიყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სამართლიანობის განმსაზღვრელი ორი ასპექტი: პირველი - რა წესით ხდება გადაწყვეტილების მიღება, და მეორე − ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი.
27. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ კანდიდატებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა, სრულფასოვნად წარმოაჩინონ საკუთარი პოზიციები და დაასაბუთონ, რატომ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით მოსამართლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა აძლევდეს კანდიდატს შესაძლებლობას, პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომლებიც, შესაძლოა, არსებობდეს მის პროფესიულ ცოდნასთან, გამოცდილებასთან თუ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ამ პროცესში პირის მონაწილეობა იყოს შედეგიანი. მას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ გადაწყვეტილება მისი მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა/არდანიშვნასთან დაკავშირებით, შესაბამისი პროცედურის დასრულებამდე, წინასწარვე მიღებულია. თავის მხრივ, პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და საჯარო. გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს ობიექტურ და რელევანტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ექვემდებარებოდეს გადამოწმებას.
28. გარდა ამისა, პროცედურის სამართლიანობასა და შედეგის სისწორეს მნიშვნელოვნად განაპირობებს ის, თუ საბოლოოდ, ვინ იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის შერჩევასთან დაკავშირებით. მოსამართლეთა შერჩევის ნებისმიერი ობიექტური კრიტერიუმი თუ პროცედურული გარანტია მნიშვნელობას დაკარგავს, თუკი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე სუბიექტი არ არის დამოუკიდებელი/მიუკერძოებელი და გააჩნია დაინტერესება კონკრეტულ შედეგთან მიმართებით. მაგალითად, რაც არ უნდა ობიექტურად სწორი იყოს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მეუღლის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, თუკი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებს კონკურსანტის მეუღლე, ბუნებრივია, როგორც სხვა კანდიდატებს, ისე საზოგადოებას გაუჩნდებათ ობიექტური ეჭვი პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი გარანტიები იმისათვის, რომ მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული პირები იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებელნი და ასეთადვე აღიქმებოდნენ საზოგადოების მხრიდან.
4. მიუკერძოებლობის საფუძვლით, საჯარო განცხადების გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების კონსტიტუციური სტანდარტები
29. როგორც აღინიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მნიშვნელოვანი გარანტიაა მოსამართლის შერჩევის პროცესში სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს, თუ როდის შეიძლება გახდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება მისი აცილების საფუძველი და რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს იგი მიკერძოებულად, საქართველოს კონსტიტუციის გაგებით.
30. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ანა დოლიძე, მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების გამო, აცილებული იქნა მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსიდან. მოსამართლეთა დანიშვნა/მათი დანიშვნის პროცესში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ, საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას. შესაბამისად, ამ პროცესიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ჩამოშორება მნიშვნელოვან ჩარევას წარმოადგენს მისი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაში და ამგვარი ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
31. ამ კუთხით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში საერთო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის უფლებამოსილება მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია. ეს უკანასკნელი კი შედგება კონსტიტუციითვე განსაზღვრული რაოდენობის წევრებისაგან, რომელთა აცილების შემთხვევაში, არ არსებობს სხვა წევრით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა (mutatis mutandis იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). ამასთანავე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის ეტაპზე გადადის მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 10 წევრის შეფასების მიხედვით, აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. აქედან გამომდინარე, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძველი იქნება ძალიან ფართო, ამით საფრთხე შეიძლება შეექმნას, ერთი მხრივ, თავად საბჭოს წევრის მიერ საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეფერხდეს საბჭოს საქმიანობა და ვერ შესრულდეს მისი ძირითადი ფუნქცია - მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა. აღნიშნულით კი, საბოლოოდ, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საერთო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება.
32. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ საკუთარი მოსაზრებების გაჟღერება, მათ შორის, კრიტიკული პოზიციების დაფიქსირება სასამართლო სისტემასთან და მოსამართლეთა კორპუსის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის და ზრდიდეს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუციების მიმართ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება არც იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული საჯარო განცხადება, მისი შინაარსისა თუ ფორმის გათვალისწინებით, საზიანო აღმოჩნდეს მართლმსაჯულების სისტემისათვის, გააჩინოს ობიექტური კითხვები განცხადების ავტორის დამოუკიდებლობასთან ან ობიექტურობასთან მიმართებით. სწორედ ამიტომ, ამ კუთხით, მნიშვნელოვნად გვესახება, რომ დადგინდეს ის ზოგადი სტანდარტები, როდის შეიძლება მივიჩნიოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებულად და გამართლებული იყოს მისი აცილება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიდან საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის გამო და როდის − არა.
33. აღსანიშნავია, რომ იმ განცხადებაში, რომელიც გახდა ანა დოლიძის აცილების საფუძველი, იგი კრიტიკულად აფასებდა სასამართლო სისტემას და მიუთითებდა, რომ 2004-2012 წლებში ხდებოდა პოლიტიკური რეპრესიები, ხოლო რეპრესიები ხორციელდებოდა მოსამართლეების მეშვეობით, უმეტესწილად, მათ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებში. ამასთანავე, ანა დოლიძის შეფასებით, მოსამართლეების ხელით ხდებოდა პირების უკანონო დაკავება, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრება, ამიტომ გამოცდილება, რომელიც ბევრ მოსამართლეს ექნება დაგროვილი, შეიძლება სულაც არ იყოს საამაყო და არც წაადგეს სასამართლო სისტემას. ანა დოლიძე, ასევე, ამბობდა, რომ სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლებულიყო „ადეიშვილის ნარჩენებისაგან“ და მათი წუთები დათვლილი იყო.
34. საერთო სასამართლოების განმარტებით, მართალია, ანა დოლიძის განცხადებაში მოსამართლეები სახელდებით არ იყვნენ დასახელებული, თუმცა შესაძლებელი იყო მოსამართლეთა იმ ჯგუფის იდენტიფიცირება, რომელთა მიმართაც იგი კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებდა. ასეთ იდენტიფიცირებად ჯგუფად კი სასამართლომ მოიაზრა ის მოსამართლეები, რომლებიც 2004-2012 წლებში სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მუშაობდნენ და მივიდა დასკვნამდე, რომ მათ მიმართ არსებობდა ანა დოლიძის აცილების საფუძველი.
35. სასამართლო სისტემის შეფასება და მის მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირება, მაგალითად, იმის აღნიშვნა, რომ წარსულში სასამართლო იყო მიკერძოებული ან/და საქმიანობას არ ახორციელებდა დამოუკიდებლად, ბუნებრივად ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომლებიც წარსულში საქმიანობას ახორციელებდნენ. სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი მსაზღვრელი სწორედ მოსამართლეთა საქმიანობა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია. შეუძლებელია სასამართლო სისტემის იზოლირებული, მოსამართლეებისაგან დამოუკიდებელი კრიტიკა. შესაბამისად, სასამართლოს საქმიანობასთან/დამოუკიდებლობასთან მიმართებით გაკეთებული ნებისმიერი კრიტიკული განცხადების ადრესატთა ჯგუფი იმთავითვე იდენტიფიცირებადია - უმეტეს შემთხვევაში, ესენი არიან მოსამართლეები.
36. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შესაძლოა, საჯაროდ აცხადებდეს, რომ მისი პოზიციით, სასამართლო არ არის ეფექტიანი, რადგანაც მოსამართლეები გადაწყვეტილებების მიღებას დროში აჭიანურებენ. ანდაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიიჩნევდეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტის დადგენა უარყოფითად აისახება სასამართლო სისტემისადმი სანდოობაზე. ორივე შემთხვევაში, ამ განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, განსაზღვრებადია იმ პირთა წრე, ვისაც მიემართება ეს კრიტიკა - ერთ შემთხვევაში, სამოსამართლო საქმიანობის განმახორციელებელ იმ პირებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს დროულად არ იღებენ, ხოლო, მეორე შემთხვევაში, იმ მოსამართლეებს, რომელთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ამგვარი ზოგადი განცხადებების გაკეთება, თუნდაც იგი იძლეოდეს კრიტიკის ადრესატთა ჯგუფის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, არ ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯგუფის რომელიმე კონკრეტული წევრის მიმართ მიკერძოებულია და მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
37. ამ კუთხით, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს შემთხვევები, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საჯარო განცხადებაში საუბრობს კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით და აჟღერებს მასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას და, მეორე მხრივ, ვითარება, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ გაკეთებული შეფასება მიემართება იდენტიფიცირებად პირთა წრეს, თუმცა მას პოზიცია არ დაუფიქსირებია კონკრეტულ პირთან ან მასთან მიმართებით მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
38. პირველ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, შესაძლოა, გააკეთოს საჯარო განცხადება, რომელშიც იგი საკუთარ პოზიციასა და მისაღებ გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით წინასწარ, შესაბამისი პროცედურის გავლამდე, აფიქსირებს. ამგვარი განცხადებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფაქტობრივად, აზრს უკარგავს მთლიანად, მოსამართლის შერჩევის პროცესსა და მასში ამ პირის მონაწილეობას. როდესაც საბჭოს წევრის აზრი/მისაღები გადაწყვეტილება წინასწარ და საჯაროდ არის გამჟღავნებული, ბუნებრივად ჩნდება განცდა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება, მან ეს აზრი ჩამოიყალიბა კანდიდატის აზრის, მისი არგუმენტების მოსმენის გარეშე და ამ პირთან მიმართებით იგი ვერ იქნება ობიექტური.
39. ამგვარი საფრთხე ნაკლებად არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საჯაროდ გაკეთებული განცხადების ადრესატი იდენტიფიცირებადი პირთა წრეა, თუმცა იგი არ საუბრობს ამ ჯგუფის ყველა წევრზე და წინასწარ არ აფიქსირებს მათ მიმართ მისაღებ გადაწყვეტილებას. ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი წინასწარ კი არ აცხადებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი, არამედ აჟღერებს საკუთარ ეჭვებს ან შეკითხვებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. მოსამართლის შერჩევის პროცესის უსამართლობას იწვევს არა ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული კითხვები, სჭირდებოდეს პასუხები ან აწუხებდეს ეჭვი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, არამედ ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრმა გადაწყვეტილება წინასწარ, კანდიდატის პოზიციის, მისი არგუმენტების მოსმენის გარეშე მიიღო და ამ პოზიციის საჯაროდ გაცხადებით გამორიცხა მისი შეცვლის შესაძლებლობა.
40. განსახილველ შემთხვევაში, ანა დოლიძეს არ უთქვამს, რომ 2004-2012 წლებში სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მომუშავე ყველა მოსამართლე რეპრესიებს ახორციელებდა ან არც ერთ მათგანს მხარს არ დაუჭერს. მისი პოზიცია იყო იმგვარად ფორმულირებული, რომ არ იძლეოდა იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, თუ სახელდებით რომელ მოსამართლეს მოიაზრებდა იგი რეპრესიის განმახორციელებლად ან „ადეიშვილის ნარჩენად“.
41. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნისას ობიექტური კრიტერიუმების მიღმა, შეფასებადია ისეთი სუბიექტური კატეგორიაც, როგორიცაა კანდიდატის კეთილსინდისიერება. მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ფარგლებში სწორედ მათი წარსული სამოსამართლო საქმიანობა და მიღებული გადაწყვეტილებები შეფასდება, რათა დადგინდეს, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, იმგვარი კრიტერიუმის არსებობა, როგორიც კანდიდატის კეთილსინდისიერების შეფასებაა, ბუნებრივად გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საკუთარი ღირებულებების გათვალისწინებით, პროფესიული და პირადი გამოცდილებებისა თუ სოციო-კულტურული ფაქტორების გავლენით მიიღებს გადაწყვეტილებას.
42. ის კი, თუ რამდენად რელევანტურ გარემოებებს გაითვალისწინებს იუსტიციის საბჭოს წევრი კონკრეტული კანდიდატის შეფასებისას, გამოვლინდება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარება გასაჩივრებასა და გადამოწმებას. სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და მისი გასაჩივრების შესაძლებლობა უზრუნველყოფს იმას, რომ კანდიდატის შეფასება არ მოხდეს დისკრიმინაციულად, არარელევანტურ ან არასწორ გარემოებებზე დაყრდნობით ან მხოლოდ სუბიექტური განცდების საფუძველზე. შესაბამისად, თუკი ანა დოლიძე კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით ჩათვლიდა, რომ მან მოსამართლეობის პერიოდში რეპრესიები განახორციელა ან მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, საბჭოს წევრს მოუწევდა ამ გადაწყვეტილების ობიექტურად დასაბუთება და იმის წარმოჩენა, რა ფაქტორებიდან გამომდინარე მივიდა იგი ამ დასკვნამდე.
43. მაშასადამე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობა მაშინ კი არ უნდა ჩაითვალოს მიკერძოებულად, თუკი იგი იტყვის, რომ მხარს არ დაუჭერს რეპრესიების განმახორციელებელ, არაკეთილსინდისიერ ან პოლიტიკურად მიკერძოებულ მოსამართლეებს, არამედ მაშინ, როდესაც კონკრეტულ კანდიდატს განიხილავს ასეთად წინასწარ, სათანადო პროცედურების დაცვის გარეშე და ამით აზრს დაუკარგავს პროცესში მისი, როგორც შემფასებლისა და მოსამართლის, როგორც კანდიდატის მონაწილეობას.
44. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ იდენტიფიცირებად პირთა წრის მიმართ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელშიც იგი წინასწარ პოზიციას არ აფიქსირებს კონკრეტულ კანდიდატთან ან მასთან მიმართებით მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება გახდეს მისი აცილების საფუძველი. სადავო ნორმის ამ შინაარსით გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ ინტერესს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები
გიორგი კვერენჩხილაძე
თეიმურაზ ტუღუში