საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით არსებითად განსახილველად მიუღებლობასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/5/1750 |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 27 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 აპრილი 2025 18:21 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით არსებითად განსახილველად მიუღებლობასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2025 წლის 27 მარტის №3/5/1750 განჩინებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1750 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით.
2. №1750 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ თვლიდნენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, მიიღოს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მისი საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილება. მოსარჩელეთა პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ 2/3-ის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საპირწონე გადაწყვეტილება (მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილება და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ანალოგიური კვორუმით იყოს მიღებული.
3. აღსანიშნავია, რომ №1750 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 13 ივნისის №3129-XIმს-Xმპ და 2024 წლის 29 მაისის №4218-XIVმს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონების საფუძველზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრის შედეგად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.
4. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის საჭირო კვორუმად განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3. ამ მხრივ, სადავო ნორმის შინაარსი შეიცვალა იმგვარად, რომ მოსარჩელეთა მიერ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სამართლებრივი პრობლემა აღმოფხვრილია. მეორე მხრივ, მოსამართლეების საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად სადავო ნორმაში განხორციელებული შინაარსობრივი ცვლილებებისა, საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი, კვორუმთან მიმართებით, დარჩა უცვლელი და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილება კვლავ წარმოადგენს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მისაღებ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით სამართალწარმოება უნდა გაგრძელებულიყო მოქმედ რედაქციასთან მიმართებით და მიღებულიყო არსებითად განსახილველად.
5. რაც შეეხება №3/5/1750 განჩინების შინაარსობრივ დასაბუთებას, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად მსგავს სამართლებრივ საკითხზე იმსჯელა 2022 წლის 25 ნოემბრის №3/14/1693 და №3/15/1700 საოქმო ჩანაწერებში და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გასაჩივრებულ წესზე მიუთითა, რომ სადავოდ გამხდარი ნორმის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ე.წ. შუალედურ გადაწყვეტილებას, რაც საკითხის ინიცირების ტოლფასია და, თავისთავად, არ იწვევს მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილებას. ამდენად, სადავოდ გამხდარი ნორმის რეგულირების სფეროში არ ექცევა მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის საბოლოო, შედეგის მომტანი გადაწყვეტა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის №3/14/1693 საოქმო ჩანაწერი, II-8-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის №3/15/1700 საოქმო ჩანაწერი, II-18). საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, ანალოგიურ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, №1750 კონსტიტუციური სარჩელიც მიიჩნია დაუსაბუთებლად და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სამართალწარმოება შეწყვიტა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის №3/5/1750 განჩინება, II-35-41).
6. 2022 წლის 25 ნოემბრის №3/14/1693 და №3/15/1700 საოქმო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოვთქვი განსხვავებული აზრი და არ დავეთანხმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საკითხის ამგვარ გადაწყვეტას. განსხვავებულ აზრში გამოთქმული არგუმენტაციის თანახმად, მოსამართლის საქმეთა განხილვიდან ჩამოცილება მის უფლებებში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ფორმას წარმოადგენს და უნდა შეფასებულიყო, რამდენად არსებობდა სადავო ნორმით გათვალისწინებულისგან განსხვავებული, უფრო მაღალი კვორუმის დადგენის აუცილებლობა, საკითხის განსაკუთრებული კონსტიტუციური მნიშვნელობიდან და უფლებაზე ზემოქმედების ეფექტიდან გამომდინარე. ამასთანავე, არ გავიზიარე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეფასება, თითქოსდა, მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს მხოლოდ შუალედურ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება არის/უნდა განიხილებოდეს, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტად და შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
7. ბუნებრივია, კვლავ ვიზიარებ 2022 წლის 25 ნოემბრის №3/14/1693 და №3/15/1700 საოქმო ჩანაწერებთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრში გამოთქმულ ჩემს პოზიციას და მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს უნდა შეეფასებინა, თუ რა შინაარსი გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველ პუნქტს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების კონტექსტში, მათ შორის, რა მოთხოვნებს უყენებს იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას და რა კონსტიტუციურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება.
8. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაშიც, მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1750 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-5 წინადადებასთან მიმართებით და არსებითი განხილვის ფორმატში შეეფასებინა, თუ რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს, მათ შორის, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესსა და სათანადო კვორუმს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
თეიმურაზ ტუღუში