საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1847 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 8 ნოემბერი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. პენიტენციური კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს „ე1“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-6 ნაწილს „ბ1“ ქვეპუნქტის, 1652 მუხლის პირველი ნაწილის ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პროკურორს და გამომძიებელს მინიჭებული აქვს უფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს (როდესაც მას შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბარის/მიმოწერის/პაემნის უფლება) შეუზღუდოს ადვოკატის აყვანის მიზნით მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება, იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულს არ ჰყავს ადვოკატი, არ ექცევა სავალდებულო დაცვის კრიტერიუმებში და სურს ადვოკატის აყვანის მიზნით კომუნიკაცია. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები. |
პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პროკურორს და გამომძიებელს მინიჭებული აქვს უფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს (როდესაც მას შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბარის/მიმოწერის/პაემნის უფლება) შეუზღუდოს ადვოკატის აყვანის მიზნით მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება, იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულს არ ჰყავს ადვოკატი, არ ექცევა სავალდებულო დაცვის კრიტერიუმებში და სურს ადვოკატის აყვანის მიზნით კომუნიკაცია. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები. |
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს „ე1“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-6 ნაწილს „ბ1“ ქვეპუნქტის, 1652 მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პროკურორს და გამომძიებელს მინიჭებული აქვს უფლება, ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს, შეუზღუდოს ადვოკატთანსატელეფონო კომუნიკაციის უფლება. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები. |
პენიტენციური კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პროკურორს და გამომძიებელს მინიჭებული აქვს უფლება, ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს, შეუზღუდოს ადვოკატთანსატელეფონო კომუნიკაციის უფლება. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. ადვოკატის დანიშვნის მიზნით ბრალდებულის კომუნიკაციის შეზღუდვა
სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ გარესამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის შედეგად ბრალდებულს ერთმევა შესაძლებლობა მისი ინტერესები სისხლის სამართლის საქმეზე დაიცვას ადვოკატმა, თუ არ აკმაყოფილებს უფასო იურიდიული დახმარების კრიტერიუმს და სახეზე არ არის დაცვის სავალდებულო შემთხვევა.
სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის განცხადება, სადაც პირი, რომელსაც შესაძლოა სასჯელის სახით განსაზღვროდა თავისუფლების აღკვეთა, მიუთითებდა, რომ მას სურვილი ჰქონდა მისი ინტერესები დაეცვა ადვოკატს, თუმცა არ ჰყავდა მის მიერ შერჩეული ადვოკატი, ვერ უკავშირდებოდა ვერავის პენიტენციური დაწესებულებიდან სასურველი ადვოკატის შერჩევის მიზნით.[1] ამასთან, მისი ბრალდება სისხლის სამართლის საქმეზე არ იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის შემთხვევა და ის ასევე არ წარმოადგენდა გადახდისუუნარო პირს.
კანონმდებლობის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა, რომ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების[2] მიმართ შესაძლოა მართლაც დაირღვეს დაცვის უფლება, რაც საკანონმდებლო რეგულაციით არის განპირობებული.
პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულების (რომლებზეც არ ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე) მიმართ გამოყენებული, გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით სატელეფონო საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვის გამო, ბრალდებულებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ სასურველ ადვოკატებს ან/და ახლობელ პირებს, რომ მათ მიერ მოხდეს ადვოკატის შერჩევა. აქედან გამომდინარე კი, შესაძლოა ფაქტობრივად შეეზღუდოთ დაცვის უფლება.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს დაკავების მომენტში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, ასევე კანონით გარანტირებულია ადვოკატის არჩევისა და ყოლის უფლება.[3] მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ ბრალდებულმა დაკავების მომენტში ვერ შეძლოს ადვოკატის აყვანა და ამ მიზნით ნდობით აღჭურვილ პირთან კომუნიკაცია. იმ შემთხვევაში თუ, ბრალდებული დაკავების მომენტში ვერ შეძლებს ადვოკატის აყვანას და შემდეგ უკვე მას შეეზღუდება გარესამყაროსთან კომუნიკაციის ყველა ფორმა, ის თავისთავად ვეღარ შეძლებს სასურველი ადვოკატის შერჩევას და დაცვის უფლების რეალიზებას.
ასეთ შემთხვევებში, თუ ბრალდებული არ იქნება ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ან/და არ იქნება კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის შემთხვევა, ბრალდებულს არ დაენიშნება ადვოკატი საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე. კერძოდ, დაცვის უფლების განხორციელებისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ადვოკატისა და დაცვის ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების შესაძლებლობას.[4] თუმცა, აქვე მითითებულია პირობები, რა შემთხვევაში არის სახელმწიფო ვალდებული ბრალდებული უზრუნველყოს ადვოკატისა და დაცვის უფლების განხორციელებისთვის საჭირო სხვა ხარჯების ანაზღაურებით: ბრალდებული უნდა იყოს გადახდისუუნარო ან/და არსებობდეს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის პროცესში არ უნდა მონაწილეობდეს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი.[5] ბრალდების მხარე და სასამართლო მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია ვალდებული ბრალდებულისთვის ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს.[6] ასევე, აღნიშნულ შემთხვევაში ბრალდებულს აქვს მინიჭებული უფლება ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით თავად მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს.[7]
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებული პირსთვის კანონმდებლობა უზრუნველყოფს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და თუ ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული გადახდისუუნაროა.[8]
სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების შესაძლებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული შემთხვევების გარდა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასევე ითვალისწინებს საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს. კერძოდ, სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის დროს იმ შემთხვევაში, თუ მოწვეული ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც, სასამართლოს შეფასებით, აჭიანურებს საქმის განხილვას.[9] ხოლო, ადვოკატის დანიშვნის სხვა შესაძლებლობა იმ ბრალდებულისთვის, რომელსაც კომუნიკაცია აქვს შეზღუდული არ არსებობს.
უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის ვალდებულება იმ ბრალდებულებისთვის ვისაც, კომუნიკაცია აქვთ შეზღუდული საპატიმრო დაწესებულებაში. განსახილველ დავის საგანს წარმოადგენს ამ ბრალდებულებისთვის შესაძლებლობის მიცემა, ჰყავდეთ ადვოკატი. ხოლო ის თუ რა ფორმით მოხდება დაცვის უფლების რეალიზება კანონმდებლის დისკრეციას წარმოადგენს. კერძოდ, შესაძლებელია კანონმდებელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლით დადგენილი სავალდებულო დაცვის უფლება გაავრცელოს ამ კატეგორიის ბრალდებულებზე, ან საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის კომუნიკაცია არ შეზღუდოს სრულად და მას ჰქონდეს შესაძლებლობა თვითონ დაუკავშირდეს სასურველ იურისტს ან ახლობელ პირს, რომელიც დაეხმარება ადვოკატის შერჩევასა და აყვანაში.
შესაბამისად, წინამდებარე სარჩელით სადავოდ ვხდით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს „ე1“ ქვეპუნქტს, 37-ე მუხლის მე-6 ნაწილს „ბ1“ ქვეპუნქტს, 1652 მუხლის პირველ ნაწილს, პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილს და 116-ე მუხლის მე-7 ნაწილს, რომელთა საფუძველზე პროკურორს და გამომძიებელს მინიჭებული აქვს უფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს შეუზღუდოს ადვოკატის აყვანის მიზნით მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება, იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულს არ ჰყავს ადვოკატი, არ წარმოადგენს გადახდისუუნარო პირს, არ ექცევა სავალდებულო დაცვის კრიტერიუმებში და სურს ადვოკატის აყვანის მიზნით კომუნიკაცია.
ადვოკატის არ ყოლის პირობებში კი შესაძლოა ბრალდებულმა ვერ მოახერხოს მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით სათანადოდ სარგებლობა და დაირღვეს მისი დაცვის უფლება.
ეს პრობლემა ნარჩუნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის დებულებები, რომლებიც ითვალისწინებდა ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების შეზღუდვის შესაძლებლობას გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.[10] სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საფრთხის არსებობის დასაბუთების სტანდარტების არარსებობის, შეზღუდვისას კონკრეტული ვადის განუსაზღვრელობასა და შეზღუდვის მართებულობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების მექანიზმის არარსებობაზე.[11]
ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების[12] შედეგად, გამომძიებელს ან პროკურორს უფლებამოსილება აქვს ბრალდებულს შეუზღუდოს მიმოწერის, ხანმოკლე ან/და ხანგრძლივი პაემნის და სატელეფონო საუბრის უფლებები, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ხსენებული უფლებებით სარგებლობის შედეგად ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება. უფლებები შეიძლება შეიზღუდოს არაუმეტეს 2 თვით, თუმცა შეიძლება იმავე ვადით გაგრძელდეს ხსენებული საფრთხეების კვლავ არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მათი შეზღუდვა შეიძლება იმდენჯერ, რამდენჯერაც სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. საგულისხმოა, რომ ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ შეზღუდვა გაასაჩივრონ ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - სასამართლოში.
არსებული საკანონმდებლო ხარვეზის შევსების, ბრალდებულთა დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულების უფლება (რომელთა მიმართ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით შეზღუდულია სატელეფონო საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლება, რის გამოც ვერ ახერხებს სასურველი ადვოკატის შერჩევასა და შეთანხმებას), მიეცეთ შესაძლებლობა მათი ინტერესები დაიცვას ადვოკატმა და ბრალდებულის დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა გარანტირებული იყოს კანონმდებლობით, გარესამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის პირობებშიც კი.[13]
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „თუ ბრალდებულის მიმართ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით გამოყენებულია სატელეფონო საუბარის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) ან ბრალდებული არ აცხადებს უარს ადვოკატზე.[14]
2023 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, გაზიარებულ იქნა პრობლემის არსი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მუშაობის გაგრძელება შემდგომში ნორმატიული აქტით პრობლემის გადაწყვეტის მიზნით. თუმცა, სამწუხაროდ აღნიშნული ცვლილება არ განხორციელებულა და პრობლემა კვლავ რჩება.
2. გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით ბრალდებულებისთვის ადვოკატთან სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა
გარდა ზემოხსენებული პრობლემისა, სამწუხაროდ, კვლავ არ შესრულებულა სახალხო დამცველის კიდევ ერთი საკანონმდებლო წინადადება და გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით ბრალდებულებისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ადვოკატთან კომუნიკაციაზეც ვრცელდება.
გასული წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულების ადვოკატთან სატელეფონო კავშირის შეზღუდვის საკითხი. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ მიმოწერის, სატელეფონო საუბრის უფლებისა და ხანმოკლე პაემნის ბრალდებულისთვის შეზღუდვის შემთხვევაში, ბრალდებულს პენიტენციური დაწესებულების მიერ არ ეძლეოდა უფლება ესარგებლა ადვოკატთან სატელეფონო კავშირით, ვინაიდან ადვოკატი არ იყო მითითებული „პატიმრობის კოდექსით“ გათვალისწინებულ საგამონაკლისო ჩამონათვალში.[15]
სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნულ პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა ყველა პენიტენციური დაწესებულებიდან, სადაც განთავსებული არიან ბრალდებულები. შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული პრაქტიკა მოქმედებს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულებს, რომელთა მიმართ გამოყენებულია გამომძიებლის/პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა, ადვოკატთან ტელეფონით დაკავშირების შესაძლებლობა არ ეძლევა არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულის მიზეზი იდენტურია - ადვოკატი არ არის მითითებული საგამონაკლისო აბონენტთა ჩამონათვალში, რომელთან დაკავშირებაც ბრალდებულებს შეუძლიათ მათთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის პერიოდში.[16]
ბრალდებულთა მიერ დაცვის უფლების სრულყოფილი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველი არაერთი წელია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მიიღოს შესაბამისი ცვლილებები, რომლითაც გაუქმდება ადვოკატთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვა, როგორც პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილების, ისე დისციპლინური სახდელის სახით.[17] მეტიც, ამ საკითხთან დაკავშირებით, აპარატმა 2022 წელს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს. კერძოდ, ბრალდებულის დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების დამაბრკოლებელი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც საგამონაკლისო ჩამონათვალს დაემატებოდა „ბრალდებულის ადვოკატი“ და ბრალდების მხარის მიერ პირადი კომუნიკაციის შეზღუდვის შემთხვევაში ბრალდებულს შესაძლებლობა მიეცემოდა განეხორციელებინა სატელეფონო კავშირი ადვოკატთან.[18]
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაიზიარა პრობლემის არსი და შესაბამისი კანონპროექტების განხილვა დაიწყო. თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივა 2022 წლის 24 მაისს პირველი მოსმენით არის მხარდაჭერილი და მას შემდგომ პარლამენტში განხილვები შეჩერებულია.[19] ამასთან პარლამენტმა, აღნიშნული ცვლილება არ გაითვალისწინა ახალ პენიტენციურ კოდექსში.
ზემოხსენებული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით, ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები (თვეში სამი ზარი), უფლება ეძლეოდა წერილობით მიემართა პენიტენციურ დაწესებულებისთვის და მოეთხოვა მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. ხოლო, პენიტენციურ დაწესებულებას ვალდებულება ექნებოდა დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველეყო განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. ბრალდებულის ადვოკატისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უნდა განხორციელებულიყო პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. შეტყობინების განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრებოდა პენიტენციური დაწესებულების დებულებით. პენიტენციური დაწესებულებას ასევე ექნებოდა ვალდებულება უზრუნველეყო, რომ ადრესატს ჰქონოდა შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება მისთვის შეტყობინების გაგზავნა ან/და განესაზღვრა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნისთვის.[20]
2023 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა „პენიტენციური კოდექსი“ მიიღო, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული წინადადება კვლავ დამატებითი მსჯელობის საგნად დარჩა და ბრალდებულებს, რომელთა მიმართ ბრალდების მხარე იყენებს პირადი სახის კომუნიკაციის შეზღუდვას, კვლავ არ აქვთ ადვოკატთან სატელეფონო კავშირის განხორციელების შესაძლებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სადავოდ ვხდით ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტს, 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ1“ ქვეპუნქტს, 1652 მუხლის პირველ ნაწილს და პენიტენციური კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილს, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს გამომძიებლის ან პროკურორის გადაწყვეტილებით ბრალდებულისთვის, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულისთვის, ადვოკატთან სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვას.
უფლებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმით დეკლარირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ მოიცავს სასამართლო განხილვასთან დაკავშირებულ არაერთ საპროცესო გარანტიას. „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს.“[21]
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა რომ „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა.“[22] ადამიანის უფლებათა სრულყოფილი სამართლებრივი დაცვა კი მრავალ კომპონენტს მოიცავს, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას დაიცვან ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.“[23]
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს ბრალდებულის საპროცესო უფლებების სხვადასხვა კომპონენტს. კონსტიტუცია იცავს შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს სისხლის სამართლის პროცესში, აღჭურვავს ბრალდებულს დაცვის უფლებით, საკუთარი მოწმეების ბრალდების მხარის მოწმის თანასწორ პირობებში გამოძახების და დაკითხვის უფლებით, განამტკიცებს უდანაშაულობის პრეზუმფციას, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას, კრძალავს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენებას და სხვა. ხსენებული უფლებებიდან ზოგიერთი უშუალოდ მიემართება სახელმწიფოს ქმედებებს. მაგალითად, სწორედ სახელმწიფოს ეკრძალება პირის იძულება, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან/და გამოიყენოს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები. გარკვეული უფლებები კი უკავშირდება დაცვის მხარის საქმიანობას. მაგალითად, ბრალდებულს აქვს უფლება, გამოიძახოს საკუთარი მოწმეები ან/და წარადგინოს სხვა გამამართლებელი მტკიცებულებები.[24]
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაკავებულ ეჭვმიტანილს დამცველის დახმარება ესაჭიროება არა მარტო დაკითხვამდე, არამედ დაკავების მომენტიდან, მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად და მისთვის კვალიფიცირებული იურიდიული დახმარების გასაწევად.[25]
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპროცესო უფლებები, სხვა კომპონენტებთან ერთად, ასევე მოიცავს დაცვის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დაცვის უფლების გარანტირებით კონსტიტუცია მიზნად ისახავს, პირის მსჯავრდების პრევენციას უსამართლო სამართალწარმოების შედეგად ... სწორედ ამიტომ ბრალდებულს აქვს პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვის უფლება - შესაძლებლობა, გამოიყენოს როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ასევე სამართლებრივი დახმარება, გააჩნია ბრალდების თანასწორი უფლებები, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დაცვის მხარის მიერ ბრალდებისაგან თავის დაცვის შესაძლებლობა სხვადასხვა პროცედურული ინსტრუმენტით.“[26]
ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებების უმთავრესი მიზანია, გამორიცხოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სწორედ ამიტომ, იგი აღჭურვილია ისეთი უფლებების კატალოგით, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი სხვა სამართალწარმოებებში და კონსტიტუცია მოითხოვს, რომ პირის დამნაშავეობა დამტკიცდეს ყველაზე მაღალი სტანდარტით, გონივრულ ეჭვს მიღმა.[27]
ბრალდებულის კონსტიტუციურ უფლებათა მიზანს ასევე წარმოადგენს პირის სამართლიანი პროცესის ფარგლებში გასამართლების უზრუნველყოფა. პირის მსჯავრდება იწვევს მის უფლებებში ინტენსიურ ჩარევას. შესაბამისად, ამ პროცესის წარმართვისათვის, სახელმწიფოს ესაჭიროება ნდობის განსაკუთრებით მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობა განამტკიცებს მისდამი საზოგადოების ნდობას და ამით, ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიზნების მიღწევას. ბუნებრივია, საზოგადოების კანონმორჩილება მაღალია მაშინ, როდესაც კანონის არსებობა და აღსრულების პროცესი სამართლიანად აღიქმება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეს არა უბრალოდ დაედოს მსჯავრი, არამედ ეს განხორციელდეს სამართლიანი პროცესის საფუძველზე.[28]
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის განამტკიცებს უშუალოდ დაცვის უფლებას. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.
დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას „წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით, დაცვის უფლება წარმოადგენს პროცესის შეჯიბრებითობის მნიშვნელოვან გარანტიასაც.“[29] აღნიშნული უფლების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია სისხლის სამართლის პროცესში, რადგან დაცვის მხარეს აღჭურვავს შესაბამისი საპროცესო ინსტრუმენტით, რათა მან ბრალდების პოზიციას დაუპირისპიროს კონტრარგუმენტები, გამამართლებელი მტკიცებულებები და სასამართლო პროცესი წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის შესაბამისად.
დაცვის უფლება იმავდროულად დამოუკიდებელი კონსტიტუციური გარანტიაა. სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნორმა მართალია არ არღვევს სასამართლო პროცესში თანასწორობის პრინციპს ან სამართლიანი სასამართლოს სხვა კომპონენტს, თუმცა მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის შესაძლებლობას დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან.[30]
სისხლის სამართალწარმოებაში დაცვის უფლება, ბრალდებულისათვის მინიჭებულ სხვა საპროცესო გარანტიებთან ერთად, წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბრალდებულის ხელთ არსებული შესაძლებლობების დამაბალანსებელ ინსტრუმენტს. სისხლის სამართალწარმოებაში მხარეს, ერთი მხრივ, წარმოადგენს სახელმწიფო, რომელიც წარმართავს გამოძიებას მის ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსებითა და უფლებამოსილებით, ხოლო მეორე მხრივ - ბრალდებული, რომლის შესაძლებლობები (მათ შორის ფინანსური, ადამიანური რესურსები), როგორც წესი, შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შორის არსებული ობიექტური სხვაობა კომპენსირებული უნდა იყოს დაცვის მხარისათვის მინიჭებული სხვადასხვა საპროცესო ინსტრუმენტებით იმგვარად, რომ ბრალდებული არ აღმოჩნდეს არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში ბრალდების მხარესთან შედარებით.[31]
დაცვის უფლების სათანადოდ განხორციელებისთვის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ბრალდებულს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, მათ შორის, უფლებას, გამოძიების ჩატარების, მტკიცებულებების მოპოვებისა და წარდგენის, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნის შესახებ, რომელთა განხორციელება შესაძლებელია დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით.[32] დაცვის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულისა და ადვოკატის ურთიერთობას სრულიად კონფიდენციალურად აცხადებს.[33] მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს ბრალდებულისა და ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას.[34]
ბრალდებულის უფლებას, შეხვდეს ადვოკატს შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე, ასევე ითვალისწინებს საქართველოს პენიტენციური კოდექსი ამასთან, პატიმრობაში მყოფი პირის შეხვედრა ადვოკატთან განხილულია ცალკე, ოჯახის წევრებსა და სხვა პირებთან განსახორციელებელი პირადი პაემნის რეგულაციებისგან განცალკევებით.[35]
დაცვის უფლების გარანტირებით კონსტიტუცია მიზნად ისახავს, პირის მსჯავრდების პრევენციას უსამართლო სამართალწარმოების შედეგად. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია პირველ რიგში ბრალდებულისთვის ადვოკატის ყოლისა და მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობების მინიჭებით. სწორედ ამიტომ ბრალდებულს აქვს პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვის უფლება - შესაძლებლობა, გამოიყენოს როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ასევე სამართლებრივი დახმარება, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დაცვის მხარის მიერ ბრალდებისაგან თავის დაცვის შესაძლებლობა სხვადასხვა პროცედურული ინსტრუმენტებით.
ამდენად, სადავო ნორმებით, რომლებითაც ბრალდებულს ეზღუდება ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, ასევე უკვე არსებულ ადვოკატთან კომუნიკაცია, ხდება კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებაში და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ, მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით.“[36] სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტების მსგავსად, სამართალწარმოებაში დაცვის უფლებაც არ არის აბსოლუტური ხასიათის და არ გულისხმობს ადვოკატთან კომუნიკაციის უფლების შეუზღუდაობას. მთავარია შეზღუდვა არ იყოს აბსოლუტური, ბლანკეტური და არათანაზომიერი, არ ახდენდეს მხარის უფლებების ისეთ არსებით შეზღუდვას რაც პრაქტიკულად დაცვის ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობას გამოიწვევს ან აზრს დაუკარგავს დეკლარირებულ უფლებას.
სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას დაცვის უფლებისა და ბრალდებულისა და ადვოკატის ურთიერთობის მნიშვნელობა ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში განუმარტავს დაცვის უფლების შინაარსი და მნიშვნელობა. ამასთან, სასამართლო, დაცვის უფლების დარღვევის საკითხის განხილვისას, მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის პროცესის მთლიან მიმდინარეობას და იმას, თუ რამდენად მოახდინა გავლენა გამოძიების ეტაპზე არსებულმა ხარვეზებმა მთლიანი საქმისწარმოების პროცესზე. დაცვის უფლებაში მხოლოდ ცალკეული ჩარევის შემთხვევები სასამართლომ შეიძლება არ მიიჩნიოს კონვენციის დარღვევად, თუმცა, დაცვის უფლების შეზღუდვის ბლანკეტურად არსებობას სასამართლო კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს და მოითხოვს დასაბუთებას, ყველა და თითოეულ შემთხვევაში, რამდენად იყო დაცვის უფლების შეზღუდვა საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელი და პროპორციული.[37]
ევროპული სასამართლო ასევე მოითხოვს, რომ ბრალდებულს გამოძიების მიმდინარეობის დროს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით და დაცვის მოსამზადებლად ჰქონდეს სათანადო დრო და შესაძლებლობა, ვინიდან გამოძიების ეტაპზე დაშვებულმა ხარვეზებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის საბოლოო შედეგზე.[38]
დაცვის უფლების განხორციელებისთვის ბრალდებულისა და ადვოკატის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ასევე აღნიშნულია ევროკავშირის 2013 წლის დირექტივაში, რომელიც ადგენს ბრალდებულის უფლებას, არა მხოლოდ საქმის სასამართლოში განხილვისას, არამედ სისხლის სამართლის მთლიანი პროცესის მანძილზე ჰქონდეს დაცვის მოსამზადებლად შესაბამისი დრო, შესაძლებლობა და შეზღუდვის გარეშე შეძლოს დაცვისთვის საჭირო ყველა მტკიცებულებისა და მოსაზრების წარდგენა. დირექტივა ითვალისწინებს ბრალდებულების უფლებას, ჰქონდეთ კომუნიკაცია ადვოკატებთან, მათ შორის, ელექტრონული და ვიდეო საშუალებების გამოყენებით და ადგენს, რომ ადვოკატთან შეხვედრის ხანგრძლივობისა და ოდენობის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან დადგენილმა შესაძლო შეზღუდვებმა არ უნდა დააზიანოს დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება.[39]
ლეგიტიმური მიზანი
საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, იმისათვის, რომ სადავო ნორმებით დაცვის უფლების შეზღუდვა, კონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული, იგი უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. თანაზომიერების პრინციპის უპირველესი მოთხოვნაა, რომ გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.“[40]
ზოგადად, პატიმრის კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა შეიძლება ემსახურებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოძიების ინტერესების დაცვა. კერძოდ, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულმა ბრალდებულმა შესაძლოა, ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან სატელეფონო საუბრის მეშვეობით, შეეცადოს და განახორციელოს დაზარალებულზე ან საქმეში არსებულ მოწმეებზე ზემოქმედება, გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ან დაგეგმოს ახალი დანაშაული.
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული, ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან და განმარტებითი ბარათიდან[41] იკვეთება, რომ ბრალდებული პატიმრისთვის ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვის კანონმდებლის მხრიდან დანახულ კიდევ ერთ ლეგიტიმურ ინტერეს წარმოადგენდა პატიმრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების და ადვოკატის მიმართ უსაფუძვლო ზარების განხორციელების პრევენცია.
განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „იდენტიფიცირებული პრობლემის მოსაგვარებლად, სახალხო დამცველის მიერ შემოთავაზებულია რეგულაცია, ბრალდებულს ანიჭებს უფლებამოსილებას ულიმიტოდ და შეუზღუდავად განახორციელოს სატელეფონო ზარი ადვოკატთან. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული რეგულაცია, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ითვალისწინებდა ისეთი საშუალების გამოყენებას, რომელშიც სათანადოდ არ იყო დაზღვეული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები და ტოვებდა დაწესებული ლეგიტიმური შეზღუდვისთვის გვერდის ავლის ისეთ შესაძლებლობას, რომლის დაზღვევაც და კონტროლიც იქნებოდა პრაქტიკულად შეუძლებელი. არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას ამ უკანასკნელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის გარდა ნებისმიერ სხვა ადრესატთან ეზღუდება სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის უფლების სრულფასოვნად რეალიზებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია ბრალდებულსა და მის ადვოკატს შორის აქტიური და დროული კომუნიკაციის არსებობა, მიზანშეწონილია, რომ შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ერთი მხრივ გამორიცხავს აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი ბრალდებულისგან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზეგავლენის, დანაშაულის თანამონაწილეების გაფრთხილებისა და გამოძიების ინტერესების საწინააღმდეგო სხვა ქმედებების განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ბრალდებულის შესაძლებლობას დაუყოვნებლივ მოახდინოს ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე.“[42]
გამოსადეგობა და აუცილებლობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.“[43] იმავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას.“[44] საჭიროა, არ არსებობდეს სხვა, ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტურობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.
სადავო რეგულირებით კანონმდებელი სრულად ართმევს ბრალდებულს შესაძლებლობას ადვოკატის არ ყოლის შემთხვევაში კომუნიკაცია ჰქონდეს ადვოკატის აყვანის მიზნით, ან არსებულ ადვოკატთან დაამყაროს კომუნიკაცია.
საგულისხმოა, რომ გენერალური პროკურატურის პოზიციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა (გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით სატელეფონო საუბრის შეზღუდვა) არ მოიცავს ადვოკატთან სატელეფონო საუბარს და განმცხადებლებს, აღნიშნული შეზღუდვის ფარგლებში, არ ჰქონდათ შეზღუდული ადვოკატთან სატელეფონო საუბრის უფლება.[45] თუმცა, როგორც სახალხო დამცველის აპარატმა გამოარკვია, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, რომელთაც გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით შეზღუდული აქვთ პირადი სატელეფონო საუბრის უფლება, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციები არ აძლევენ ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაციის უფლებას. აღნიშნულის მიზეზს კი, მათი განმარტებით, წარმოადგენს ის, რომ ადვოკატი არ არის მითითებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ იმ საგამონაკლისო აბონენტთა ჩამონათვალში, რომლებთან კონტაქტი პატიმრებს შეუძლიათ შეზღუდვის არსებობის მიუხედავად.[46]
სადავო რეგულირების შეზღუდვას გავლენა აქვს მხარეთა საპროცესო თანასწორობის, ასევე სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელებაზეც, ვინაიდან იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობა სასამართლოს მედიატორის როლს ანიჭებს, ბრალდებულის დაცვის უფლების რეალიზება დამოკიდებულია ბრალდების მხარის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე. სადავო რეგულირება ქმნის იმის საფრთხეს, რომ ცალკეულ შემთხვევებში სასამართლო განხილვის შედეგი დაეფუძნოს ბრალდების მხარის გულგრილობას, შეცდომას, ანდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს ისე, რომ ვერ დაიცვას თავი ბრალდებისაგან ადვოკატის მეშვეობით.
შესაძლოა მართლაც არსებობდეს სიტუაცია, როდესაც პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული, ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან სატელეფონო საუბრის მეშვეობით, შეეცდება, გავლენა მოახდინოს დაზარალებულზე/მოწმეებზე ან/და გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და ამით ხელი შეუშალოს გამოძიების და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების საჯარო ინტერესებს ან დაგეგმოს ახალი დანაშაული და საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ისევე როგორც სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს. ბუნებრივია, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ბრალდებულის შესაძლებლობას, განახორციელოს ზემოაღნიშნული ქმედებები. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა შესაძლოა წარმოადგენდეს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
როგორც უკვე აღინიშნა, გამოსადეგობასთან ერთად, სადავო ნორმა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, უნდა დადგინდეს ხომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის იმავე ეფექტურობის უფლების ნაკლებად მზღუდავი მექანიზმი.
ზოგადად, სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება და გამოძიების მიმდინარეობა კომპლექსური და დინამიკური პროცესია, რომლის განმავლობაშიც გამოძიების ინტერესების დაცვა მრავალი ფაქტორის ერთობლიობაზეა დამოკიდებული. გამოძიების ინტერესებსა და სათანადოდ წარმართვაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბრალდებულისთვის იმ შესაძლებლობის აღკვეთა, რომ მან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის გზით, ხელი შეუშალოს გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად ჩატარებას ისევე, როგორც სასამართლო განხილვის სათანადოდ განხორციელებას.[47]
ამ მხრივ, ყურადსაღებია, რომ სადავო ნორმებით კომუნიკაციის უფლება ეზღუდება პატიმრობის დაწესებულებაში მყოფს. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას, ხელს შეუშლის მის მოპოვებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ამავდროულად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პირს სასამართლო უფარდებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ყოველივე ეს იმის პრეზუმფციას გულისხმობს, რომ ვინაიდან ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, მაშასადამე, სასამართლოს მხრიდან დანახული იქნა ამ პირის მიმალვის, მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის გარკვეული რისკი. მაშასადამე, პატიმრობაში ყოფნის ფაქტი, უკვე არის ობიექტური მიმანიშნებელი, რომ გამოძიების ინტერესების დამაზიანებელი საფრთხე, ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით უკვე არსებობს.[48] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულების „გარე სამყაროსთან ... ნებისმიერი კომუნიკაცია მომეტებულ რისკებს შეიცავს გამოძიების ინტერესებისთვის,“[49] შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებების პატიმრობა შეფარდებულ ბრალდებულებზე გაუვრცელებლობა ლოგიკურად უკავშირდება ლეგიტიმურ მიზანს, ამცირებს პოტენციურ საფრთხეს და ამ გზით ხელს უწყობს გამოძიებისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად წარმართვის ინტერესებს.[50]
შესაბამისად, შესაძლოა, რომ არ არსებობდეს უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორც ეს არსებული მოწესრიგების პირობებშია შესაძლებელი. თუმცა, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება უკვე არსებულ ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვას, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას წარმოადგენს პატიმრის მიერ მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა, რასაც ზემოთ განხილული კანონპროექტი ითვალისწინებდა. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დაზღვეული იქნება პატიმრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისა და ადვოკატთან უსაფუძვლო ზარების განხორცილების რისკი.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
ნორმების კონსტიტუციურობის დასადგენად აუცილებელია დადგინდეს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით, რომლის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის.“[51]
სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ხორციელდება ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და, შესაბამისად, იმყოფება პატიმრობის დაწესებულებაში. ინდივიდის ამგვარი სტატუსი ქმნის განსაკუთრებულ სამართლებრივ რეალობას, რომელიც გავლენას ახდენს ამ უკანასკნელის მიერ ძირითადი უფლებებით სარგებლობაზე. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ადვოკატის აყვანა და მასთან კომუნიკაცია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმებს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის დაცვის უფლების შენარჩუნებისთვის. სწორედ აღნიშნული უფლებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა სამართლიანი სასამართლოს უფლება და პატიმრის უსაფუძვლო მსჯავრისაგან დაცვა. შესაბამისად, ბრალდებულისათვის კომუნიკაციის ყველა ფორმის შეზღუდვის გზით, ადვოკატთან კომუნიკაციის და მისი ყოლის შესაძლებლობის შეზღუდვა წარმოადგენს დაცვის უფლებაში ინტენსიურ ჩარევას, რის გამოც, მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას. ცხადია ის ლეგიტიმური ინტერესი რის გამოც ბრალდებულს შესაძლოა შეეზღუდოს პირადი ცხოვრების უფლებით დაცული კომუნიკაციის უფლება, ვერ გამოდგება მისი დამცველთან/ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვის თვითკმარ საფუძვლად. შესაბამისად, სადავო ნორმები რომლებიც უფლების შეზღუდვის დროს, პატიმრობა-შეფარდებული ბრალდებულის ნებისმიერ კომუნიკაციას ერთიან კონტექსტში განიხილავენ, და ბრალდებულს უზღუდავენ დაცვის უფლებას ვერ შეფასდებიან პროპორციულ საშუალებად.
აღნიშნულ ინტერესთა დაბალანსებაში, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საკანონმდებლო დონეზე ისეთი შესაძლებლობის არსებობას, რომელიც დააზღვევს ან მინიმუმამდე დაიყვანს უფლების არაპროპორციულად შეზღუდვის ალბათობას და ამასთანავე მიღწეული იქნება ლეგიტიმური ინტერესებიც. ასეთ ერთ-ერთ საშუალებად შეგვიძლია მივიჩნიოთ კანონპროექტით შემოთავაზებული მოდელი, რომელიც ბრალდებულის ადვოკატისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას გულისხმობდა.[52]
ამდენად, განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ არ უშვებდეს გამომძიებლის/პროკურორის მხრიდან ბრალდებულის დაცვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. დაუშვებელია, ამ ღონისძიების გამოყენება მოხდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ლეგიტიმური მიზნის დაცვის საჭიროება ისეთი მცირეა, რომ ვერ გაამართლებს, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების საფუძველზე, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის ადვოკატთან (ან ადვოკატის აყვანის მიზნით) კომუნიკაციის შეზღუდვით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს.[53]
როგორც საკონსტიტუციო სასმართლომ, თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უნდა ჰქონდეს გონივრული, საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს თავის დასაცავად და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს.[54]
აღსანიშნავია, რომ დაცვის უფლების სათანადოდ განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოძიების მიმდინარეობისა და სასამართლო განხილვის პროცესშია, როდესაც ბრალდებულს, პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, უფლება აქვს ჩაატაროს გამოძიება, მოიპოვოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია მისი საქმის ცალკეულ საკითხებთან მიმართებით. ცხადია, გამოძიების ჩატარება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის, რომელსაც ამის შესაძლებლობა მხოლოდ ადვოკატის დახმარებით გააჩნია. ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს საქმის არსებითად განხილვამდე მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენის ვადებს და აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი მტკიცებულება, როგორც წესი, სასამართლოს მიერ აღარ განიხილება, ნათელია, რომ დაცვის უფლებით სარგებლობისთვის პატიმარი ბრალდებულის ხელთ არსებული ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის გამოძიების მიმდინარეობისა და საქმის სასამართლოში არსებითად განხილვისას მის ინტერესებს იცავდეს ადვოკატი.
აღსანიშნავია, 2021 წლის 5 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის კოდექსის რიგი მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დისციპლინური სახდელისა და სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბლანკეტურად უზღუდავდა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობას.[55] გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა, რამდენად შესაძლებელი იყო, სატელეფონო კომუნიკაცია სრულყოფილად ჩანაცვლებულიყო წერილობითი მიმოწერის უფლებით და მიუთითა, რომ საფოსტო გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებას, სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, სჭირდება გაცილებით მეტი დრო, ამასთან, პატიმრის წერილობითი გზავნილი, როგორც წესი, ადრესატამდე მიდის დაწესებულების ადმინისტრაციის - მესამე პირების გავლით და არ წარმოადგენს ორ სუბიექტს შორის უშუალო კომუნიკაციას. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არ გამორიცხა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების შესაძლო არაკეთილსინდისიერება, რომლის შედეგადაც შესაძლოა პატიმრის წერილობითი გზავნილი დაგვიანებით გადაეცეს ადრესატს, ან საერთოდ არ გადაეცეს, ხოლო მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთი რისკის გამაქარწყლებელ მექანიზმებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ასეთი აკრძალვის მოქმედების ხანგრძლივობა დროში, რამაც შესაძლოა არსებითად დააზიანოს პატიმრის მიერ უფლების გამოყენება.[56] აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა განხორციელდეს დროულად და დაზღვეული იყოს ის რისკები, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილებაში მიუთითებს.
რაკი საპროცესო კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს საქმის არსებითად განხილვამდე მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენის ვადებს და აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი მტკიცებულება, როგორც წესი, სასამართლოს მიერ აღარ განიხილება,[57] ნათელია, რომ დაცვის უფლებით სარგებლობისთვის პატიმარი ბრალდებულის ხელთ არსებული ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის სწრაფი და შეუფერხებელი კომუნიკაცია ადვოკატთან. საფოსტო გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების დროისა და ხარვეზების გათვალისწინებით კი, ადვოკატთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიან გზად სატელეფონო საუბარი რჩება. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი დაცვის სტრატეგიის დაგეგმვა, მტკიცებულებების მოპოვების მეთოდების განხილვა და სხვა საპროცესო მოქმედებების განხორციელება დაცვის მხარის პოზიციისა და არგუმენტების სათანადოდ მოსამზადებლად.
აქვე აღსანიშნავია, რომ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით ბრალდებულისთვის სატელეფონო უფლების შეზღუდვა შესაძლოა გაგრძელდეს პირის ბრალდებულად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში (ყოველ 2 თვეში გადასინჯვის პირობით),[58] განაჩენის გამოტანამდე. თუ ბრალდებულად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში პირს არ მიეცემა ადვოკატთან სწრაფი კომუნიკაციის შესაძლებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებულისთვის სამართლებრივი დახმარების მიღება საჭიროა შემჭიდროვებულ ვადებში, მაგალითად, მცირე დროშია მოსაპოვებელი მტკიცებულება ან/და შესაჯერებელია დაცვის სტრატეგია მომდევნო სხდომისთვის, აღნიშნულმა შესაძლოა გაართულოს დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელება, რაც გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან დაცვის უფლების დარღვევას.
შესაბამისად, ლოგიკური და სამართლიანია საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის შეზღუდვაზე არ ვრცელდება ადვოკატთან სატელეფონო კომუნიკაციაზე - ეს დაცვის უფლების დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეზღუდვა იქნებოდა. მეორე მხრივ, პენიტენციური დაწესებულებები მიუთითებენ პატიმრობის კოდექსზე, რომელიც საგამონაკლისო აბონენტების[59] რიცხვში ტექნიკურად არ ითვალისწინებს ადვოკატს და ამის საფუძველზე არ აძლევენ ბრალდებულებს ადვოკატებთან დარეკვის შესაძლებლობას.
აშკარაა, რომ დაცვის უფლების ეფექტური რეალიზება დაკავშირებულია დაცვის მხარის აქტიურ მოქმედებასთან. სწორედ დაცვის მხარემ უნდა უზრუნველყოს, შეჯიბრობითობის პრინციპის ფარგლებში, ბრალდების პოზიციის გასაბათილებლად საკუთარი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარდგენა, მოწმეების გამოძახება და ა.შ. ბუნებრივია, სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი, თავად განახორციელოს ის ქმედებები, რომელთა წარმართვის უფლებასაც, თავის დაცვის მიზნით, კონსტიტუცია ბრალდებულს ანიჭებს. შესაბამისად, კეთილსინდისიერი მიდგომისა და მაქსიმალური მონდომების პირობებშიც კი, სახელმწიფო ვერ შეძლებს ზემოხსენებული უფლებების რეალიზებას ბრალდებულის ნებისგან მოწყვეტით, მისგან დამოუკიდებლად. ამდენად, სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, საკმარისი არ არის, რომ ბრალდებულს ფორმალურად ჰქონდეს ზემოაღნიშნული საპროცესო უფლებები. ამავე დროს, აუცილებელია, რომ მას გააჩნდეს ამ უფლებების ადეკვატური რეალიზების პრაქტიკული შესაძლებლობა.[60] კონსტიტუცია, უდავოდ, მოითხოვს, რომ ყველა ბრალდებულს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ადეკვატურ დაცვაზე და საპროცესო უფლებების მინიმალური, კონსტიტუციით გარანტირებული სტანდარტით, განხორციელების შესაძლებლობა.[61]
ხსენებულიდან გამომდინარე, სხვა უფლებებთან ერთად, დაცვის უფლების მინიჭებით, კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფოს, როგორც ბრალდების მხარის რესურსების დამაბალანსებელ მექანიზმებს, რომელთა არსებობაც, მნიშვნელოვნად განაპირობებს პირის მსჯავრდებას სამართლიანი პროცესის შედეგად. ბრალდებულისათვის თავის დაცვის შესაძლებლობის წართმევა სისხლის სამართალწარმოებას უსამართლო პროცესად აქცევს. ამდენად, უმთავრესად სწორედ სამართლიანი პროცესის მოთხოვნიდან მომდინარეობს საჭიროება, რომ სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის მონაწილეობისთვის სათანადო შესაძლებლობები იქნეს უზრუნველყოფილი.[62]
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ადგენს ადვოკატის (მათ შორის, ფინანსური შესაძლებლობის არქონის შემთხვევაში, სახელმწიფოს ხარჯზე) ყოლის უფლებას, გარკვეულ შემთხვევაში კი - სავალდებულო დაცვას. მაგალითად, სავალდებულო დაცვა, მათ შორის, უზრუნველყოფილია იმ შემთხვევებში, თუ ბრალდებულს აქვს შესაძლებლობების იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის, მის მიერ, საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას ან/და გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (იხ., საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები).[63]
ადვოკატი, მისი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრალდებულის უფლებების დაცვაში დახმარებისა და მათი რეალიზების ხელშეწყობის კუთხით.[64]
ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, გამამართლებელი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ასევე სხვა საპროცესო უფლებებით სარგებლობისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს ჰქონდეს ისეთი პირობები უზრუნველყოფილი რომ ერთის მხრივ აიყვანოს/დაენიშნოს ადვოკატი და მეორეს მხრივ ჰქონდეს ადვოკატთან კომუნიკაციის განხორციელების და იმ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს გამამართლებელი მტკიცებულების მოსაპოვებლად და ბრალდების მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.
სადავო რეგულაციებით განსაზღვრული წესი, რომელიც ბრალდების მხარეს აძლევს უფლებას ბრალდებულს შეუზღუდოს კომუნიკაციის უფლება ადვოკატთან, ხოლო ადვოკატის არ ყოლის შემთხვევაში ვერ განახორციელოს კომუნიკაცია ადვოკატის შერჩევის მიზნით, ზღუდავს სისხლის სამართლის პროცესში დაცვის უფლებას და შესაბამისად, არღვევს დაცვის მხარის კონსტიტუციურ უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, გვ. 147;
[2] შენიშვნა: ტერმინ ბრალდებულის ქვეშ, ასევე მოვიაზრებთ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს;
[3] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილები;
[4] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი;
[5] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილი;
[6] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
[7] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
[8] „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ, იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იმ პირისთვის, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი. თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს საკმარის და ქმედით გარანტიას ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატით, თუ სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს ადვოკატთან დაკავშირებას;
[9] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის N2/8/1444 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინაამდეგ“;
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის N2/8/1444 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინაამდეგ“, II-40;
[12] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1652-ე მუხლი;
[13] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, გვ. 150;
[14] საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 10 აგვისტოს N15-2/7934 წინადადება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ;
[15] საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 109-110;
[16] N12 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 9 დეკემბრის 297077/27 წერილი, N8 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 9 დეკემბრის N296746/24 წერილი, N5 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 9 დეკემბრის N296736/22 წერილი, N2 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 6 დეკემბრის N293017/20 წერილი, N6 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 6 დეკემბრის N293525/23 წერილი;
[17] სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 132, სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 118;
[18] საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის 18 თებერვლის N15-2/2008 წინადადება;
[19] საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი ხელმისაწვდომია: < https://info.parliament.ge/#law-drafting/24063 >;
[20]კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, გვ. 2, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი ხელმისაწვდომია: < https://info.parliament.ge/#law-drafting/24063 >;
[21] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4;
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება N1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1;
[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59;
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის №3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-1;
[25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება N2/3/182,185,191 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30;
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის №3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-2;
[28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის №3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-3;
[29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/1/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
[30] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/650,699 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26;
[31] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/650,699 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27;
[32] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილი;
[33] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი;
[34] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი;
[35] პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლი;
[36] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15;
[37] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე IBRAHIM AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM (NN50541/08, 50571/08, 50573/08 და 40351.09), პ. 274;
[38] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე DVORSKI v. CROATIA (N25703/11), პ. 77;
[39] ევროპის კავშირის 2013 წლის 22 ოქტომბრის 2013/45/EU დირექტივა „სისხლის სამართლის პროცესსა და ევროპული პატიმრობის გარანტიების პროცედურის განმავლობაში ადვოკატზე ხელმისაწვდომობის, და მესამე მხარის ინფორმირების უფლების შესახებ თავისუფლების უფლების შეზღუდვისა და მესამე მხარესა და საკონსულო თანამდებობის პირებთან კომუნიკაციის შესახებ“, (23), (24), (43), (44), ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/32WPzI9 >;
[40] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15;
[41] საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი ხელმისაწვდომია: < https://info.parliament.ge/#law-drafting/24063 >;
[42] კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, გვ. 1, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი ხელმისაწვდომია: < https://info.parliament.ge/#law-drafting/24063 >;
[43] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48;
[44] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26;
[45] საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 10 ნოემბრის N13/68197 წერილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2022 წლის 12 იანვრის N13/1014 წერილი;
[46] საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის 18 თებერვლის №15-2/2008 წინადადება, გვ. 5;
[47] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის N2/8/1444 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინაამდეგ“, II-27;
[48] იქვე, II-28;
[49] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/6/1737 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42;
[50] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის N2/8/1444 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინაამდეგ“, II-28;
[51] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43;
[52] საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი ხელმისაწვდომია: < https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/299161? >;
[53] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის N2/8/1444 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინაამდეგ“, II-32;
[54] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება N2/3/182,185,191 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
[55] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის N1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
[56] იქვე, II-20-22;
[57] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილი;
[58] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1652- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები;
[59] როგორიცაა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ნომრები;
[60] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის №3/4/1543 გადაწყვეტილება საქმეზე „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-7;
[61] იქვე, II-8;
[62] იქვე, II-23;
[63] იქვე, II-9;
[64] იქვე, II-10;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა