მოქალაქე გიორგი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/1/263 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 4 თებერვალი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე);
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქე გიორგი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი დებულების, 247-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 დებულებების და 251-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – გიორგი ჩხეიძე და მისი წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი. მოპასუხე – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი იოსებ ლომაშვილი.
2003 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნ263) მომართა მოქალაქე გიორგი ჩხეიძემ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ" ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა" ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი და მე-16 მუხლი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი დებულება, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, “დამრღვევი პოლიციის მუშაკმა ან სახალხო რაზმეულმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში ან ნებაყოფლობითი სახალხო რაზმეულის შტაბში", მას მისი ნების საწინააღმდეგოდ, სახალხო რაზმეულის მიერ შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლება და წარდგენილ იქნეს პოლიციაში ან ნებაყოფლობით სახალხო რაზმეულის შტაბში. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი კი იმპერატიულად ადგენს, რომ ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია განხორციელდეს ამისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რომლის სტატუსი, უფლებანი და მოვალეობანი განსაზღვრული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული თვითნებური დაკავების შესაძლებლობა, რადგან არც მოცემული კოდექსით და არც საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით არ არის განსაზღვრული, თუ რა სამართლებრივი სტატუსის მქონეა სახალხო რაზმი. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო მუხლის აღნიშნული დებულება არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მეორე დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს, რადგან სადავო მუხლის თანახმად, პირი შეიძლება დაკავებულ იქნეს “სამ დღე-ღამემდე ამის შესახებ პროკურორისათვის წერილობითი შეტყობინებით" ან “ათი დღე-ღამის ვადით პროკურორის სანქციით", ხოლო საქართველოს კონსტიტუციით, ნებისმიერი დაკავებული პირი დაკავებიდან 24 საათის გასვლამდე უნდა წარედგინოს სასამართლოს. კონსტიტუციის თანახმად კი, პროკურორი არ არის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელსაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის 24 საათზე მეტი ვადით დაკავების შესახებ.
მოსარჩელეს ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის ის დებულება, რომლითაც წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში და კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობებისა და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დამრღვევები შეიძლება დაკავებულ იქნენ მანამ, სანამ უფლებამოსილი ორგანო არ განიხილავს მათ დარღვევას და არ შეუფარდებს სახდელს, რაც საშუალებას იძლევა, პირი დაკავებული იქნეს ორ დღე-ღამეზე მეტი დროით მანამ, სანამ წარედგინება სასამართლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სადავო მუხლი მიაჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან შეუსაბამოდ.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის ის დებულებაც, რომლის თანახმად, “ადმინისტრაციული დაკავების დრო გამოიანგარიშება ოქმის შესადგენად დამრღვევის მიყვანის მომენტიდან, ხოლო მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირის – მისი გამოფხიზლების მომენტიდან", რადგან საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია დროის ის ზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია პირი დაკავებულ იქნეს მანამ, სანამ მას წარადგენენ სასამართლოს წინაშე. მოსარჩელე თვლის, რომ ყოველგვარი მიზეზი, რომელიც აჩერებს ან გარკვეული დროით გამორიცხავს დაკავებული პირის მიმართ მოცემული დროის დინებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლი, რომლის თანახმად, “ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან", ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ, მე-2, მე-7 და 42-ე მუხლის პირველ პუნქტებს, რადგან სადავო ნორმით დაკავებულ პირს ეძლევა უფლება, დაკავების კანონიერება გაასაჩივროს მხოლოდ პროკურორთან ან ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან). საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლით კი, განსაზღვრულია ის თანამდებობის პირები და ორგანოები, რომელთაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმით მას არა აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოს გზით.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე მოითხოვდა “პოლიციის შესახებ" მე-9 მუხლის “ე" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით, მაგრამ საქმის არსებითად განხილვისას, მოსარჩელემ უარი განაცხადა აღნიშნული საკითხის განხილვაზე და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი დებულების, 247-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 დებულებების და 251-ე მუხლის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ არ ცნობენ სარჩელს და არ ეთანხმებიან მოსარჩელე მხარის მოთხოვნებს.
მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ დღეისათვის არ არსებობს არც ერთი ნორმატიული აქტი, რომელიც სამართლებრივად გაამართლებს “სახალხო რაზმეულის" არსებობას და ამგვარი რამე ბუნებაში არ არსებობს. ასევე მოპასუხე მიიჩნევს, რომ 247-ე მუხლის ის ნაწილიც, სადაც ნათქვამია, “პროკურორის სანქციით", ისევე როგორც “სახალხო რაზმეული" მკვდარ ნორმად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ისინი ფაქტიურად არ მოქმედებენ. ამიტომ მოპაუხე მხარის განმარტებით, არ არის საფუძველი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა. მან აღნიშნა, რომ ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც უახლოეს მომავალში გამოსწორდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ.
მოპასუხე მხარე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელე მხარეს და მას მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 დებულებებით გათვალისწინებული შეზღუდვები აუცილებელია მოქალაქეების უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მოპასუხე თვლის, რომ, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ადგილზე ოქმის შედგენა შეუძლებელია, დაკავების დროის გამოანგარიშება დაიწყება ოქმის შესადგენად დამრღვევის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის მომენტიდან, ანუ, როდესაც მოხდება პირის რეგისტრირება და დაფიქსირება საკანცელარიო ჟურნალში, ხოლო თუ პიროვნება იმყოფება ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, მისი გამოფხიზლების მომენტიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემათ საშუალება, მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა.
მოპასუხე ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის “ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან", არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას, რადგან მისი აზრით, სადავო ნორმა პირს არ უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მოპასუხე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, “პირს შეუძლია ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ადმინისტრაციული საჩივრის წარუდგენლად პირდაპირ მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად", ე. ი. ადმინისტრაციული საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტისათვის, ასევე მომჩივანს შეუძლია, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს პირდაპირ სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე გამოსული მოსარჩელისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლების, მათი დასკვნითი სიტყვების საფუძველზე გამოარკვია საქმის არსებითად განხილვასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი დებულების თანახმად, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, “დამრღვევი პოლიციის მუშაკმა ან სახალხო რაზმეულმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში ან ნებაყოფლობითი სახალხო რაზმეულის შტაბში". მოპასუხე მხარეს თავის დასკვნით სიტყვაში მოჰყავს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს და საუბრობს პოლიციის მუშაკის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაკავებისა და მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის კანონიერებაზე, რაზედაც მოსარჩელე მხარეს არც საქმის არსებითად განხილვისას და არც თავის დასკვნით სიტყვაში არ გამოუთქვამს პრეტენზია. მოსარჩელე თვლის, რომ არაკონსტიტუციურია ტერმინი სახალხო რაზმეული. ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ, რადგან ამჟამად მოქმედი არც ერთი ნორმატიული აქტი არ იცნობს “სახალხო რაზმეულის ცნებას, იგი ბუნებაში არ არსებობს და წარმოადგენს კანონის ხარვეზს, რაც არის საფუძველი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხე მხარის ამგვარ განმარტებას. მიუხედავად იმისა, რომ “სახალხო რაზმეული ფაქტიურად არ არსებობს, სადავო ნორმა ძალაშია, მოქმედებს და იძლევა პირის გაუთვალისწინებელ შემთხვევებში თვითნებური დაკავების საშუალებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომლის თანახმად, “ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ". ვინაიდან დღეისათვის საქართველოში მოქმედი არანაირი სამართლებრივი აქტი არ არეგულირებს თუ რას წარმოადგენს “სახალხო რაზმეულის" ინსტიტუტი და არ არის დარეგულირებული მისი კანონით გათვალისწინებული უფლებამოვალეობანი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლს, რომლის თანახმად, ადამიანის დაკავება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საამისოდ საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება მოპასუხე მხარის პოზიციას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 დებულებასთან დაკავშირებით. სადავო ნორმის თანახმად “სასაზღვრო რეჟიმის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დასაშვებ პუნქტებში რეჟიმის დამრღვევი ოქმის შესადგენად შეიძლება დაკავებულ იქნეს ვადით სამ საათამდე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პიროვნების დასადგენად და სამართალდარღვევის გარემოებათა გამოსარკვევად – სამ დღე-ღამემდე, ამის შესახებ პროკურორისათვის წერილობითი შეტყობინებით დაკავებიდან ოცდაოთხი საათის განმავლობაში ან ათი დღე-ღამის ვადით პროკურორის სანქციით, თუ სამართალდამრღვევს არ გააჩნია პიროვნების დამადასტურებელი საბუთი". საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად “ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს."
სასამართლო კოლეგია ეთანხმება მოსარჩელე მხარეს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი იმპერატიულად ადგენს ერთადერთ უფლებამოსილ სუბიექტს, სასამართლოს მიერ პირისათვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების საკითხის განხილვის ვადებსა და პროცედურებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი პიროვნების დასადგენად, მისი 3 დღე-ღამით, ხოლო პროკურორის საანქციით კი 10 დღე-ღამით დაკავება, სრულიად მოკლებულია სასამართლო კონტროლს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის უფლების მქონე სუბიექტად მიიჩნევს მხოლოდ სასამართლოს და დაუშვებლად მიიჩნევს მისი გადაწყვეტილების გარეშე მსგავსი მოქმედების ჩატარებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნას ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის ის დებულებაც, რომლის თანახმად, “წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში და კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობისა და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დამრღვევები შეიძლება დაკავებულ იქნენ, მანამ სანამ უფლებამოსილი ორგანო არ განიხილავს მათ დარღვევას და არ შეუფარდებს სახდელს". სასამართლო აღნიშნავს, რომ, რადგან 262-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები, კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობისა და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა განიხილება (174') სამი დღის ვადაში, სადავო მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირი დაკავებულ იქნეს 48 საათზე მეტი დროით, სანამ იგი წარედგინება სასამართლოს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ხოლო რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევას, სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნები, რადგან ზემოაღნიშნული დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (166-ე მუხლი) თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა განიხილება 1 დღე-ღამის განმავლობაში.
საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-4 დებულება, თუ ადგილზე ოქმის შედგენა შეუძლებელია, დაკავების დროის ათვლა დაიწყება ოქმის შესადგენად დამრღვევის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის მომენტიდან, ანუ, როდესაც მოხდება პირის რეგისტრირება და დაფიქსირება საკანცელარიო ჟურნალში, ხოლო თუ პიროვნება იმყოფება ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მისი გამოფხიზლების მომენტიდან. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის (ნ2/3/182,185,191) გადაწყვეტილების თანახმად, “პირი დაკავებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც დაკავებისათვის უფლებამოსილი პირი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფუძველზე, შეუზღუდავს ადამიანს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებას".
რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა, რომლის თანახმად, “ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან", არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რადგან კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული ურთიერთობა შეიძლება მოწესრიგდეს არა პირდაპირ სასამართლოში მიმართვით, არამედ ზემდგომ ორგანოში ან პროკურორთან გასაჩივრების გზით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირს უფლება არა აქვს, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, რასაც ადასტურებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილიც, რომლის თანახმად, “პირს შეუძლია ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ადმინისტრაციული საჩივრის წარუდგენლად პირდაპირ მიმართოს სასამართლოს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად."
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ" ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გიორგი ჩხეიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი დებულების სიტყვები “…სახალხო რაზმეულმა. …ნებაყოფლობითი სახალხო რაზმეულის შტაბში", 247-ე მუხლის მე-2 და მე-4 დებულებები და მე-3 დებულების სიტყვები “… ან დაარღვია კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობისა და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესი" საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გიორგი ჩხეიძის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის კონსტიტუციურობის თობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
6. გადაწყვეტილება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.