საერთაშორისო ურთიერთობები

მონაწილეობა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის (CECC) XIX კონგრესში

2024 წლის 21-23 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციამ, სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის (CECC) XIX კონგრესში, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიშინეუში გაიმართა.

კონგრესის თემას წარმოადგენდა „სამოსამართლო თვითშეზღუდვის ფორმები და ფარგლები საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით“ (“The forms and limits of judicial deference: the case of the constitutional courts").

ღონისძიება გახსნა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა. თემატური სესიების ფარგლებში განხილული იქნა საკონსტიტუციო და სუპრანაციონალური სასამართლოების ურთიერთქმედების საკითხები, ასევე, პოლიტიკისა და სამართლის საკითხები კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისას და კონსტიტუციური პრინციპების დაცვა საგანგებო მდგომარეობის დროს. თემატურ სესიებზე მოხსენებებით წარსდგნენ ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე.

ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის, ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეები, ასევე, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს წარმომადგენლები და კონსტიტუციური კონტროლის ორგანოების რეგიონალური გაერთინებების წარმომადგენლები აფრიკის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებიდან.

ღონისძიების პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა კოლეგებთან ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებიდან, რა დროსაც განხილული იქნა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. სამუშაო შეხვედრა გაიმართა ასევე მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA) თავმჯდომარესთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია აერთიანებდა სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას, სასამართლოს მდივანს, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილსა და სასამართლოს სამდივნოს უფროსს, გიორგი ლომთაძეს.