სიახლეები

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC)“ და ა(ა)იპ „ერთობა  2013“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1241).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმებს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციები, რომელთა თანახმად, შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული ანგარიშები/დასკვნები და რეკომენდაციები წარმოადგენს არასაჯარო ინფორმაციას.

მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის უფლების შეზღუდვას კონსტიტუცია უშვებს მხოლოდ კანონით, ხოლო სადავო ნორმატიული აქტების კანონქვემდებარე ხასიათი და კანონის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ასეთი უფლებამოსილების დელეგირების არარსებობა, გულისხმობს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. მოსარჩელე შუამდგომლობდა სადავო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებად ცნობისა და მათი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული დასკვნები/ანგარიშები და რეკომენდაციები, რომელთა საჯაროდ გაცნობის უფლებაც იზღუდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ ინფორმაციას. ამასთან, საქართველოს მთავრობისთვის კანონის მიერ არ მომხდარა ამგვარი შეზღუდვის დაწესების უფლებამოსილების დელეგირება. შესაბამისად, სადავო ნორმები, ფორმალური თვალსაზრისით, იმავე შინაარსის ნორმებს წარმოადგენს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილებით და საქმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე გამოაცხადა ძალადაკარგულად.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №38 დადგენილებით დამტკიცებული „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვის „არასაჯარო“, „შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №19 დადგენილებით დამტკიცებული „შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვის „არასაჯარო“, „შრომის პირობების ინსპექტირების 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №627 დადგენილებით დამტკიცებული „შრომის პირობების ინსპექტირების 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვის „არასაჯარო“, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/19/1241 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და ა(ა)იპ „ერთობა  2013“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.