სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1618 კონსტიტუციური სარჩელი

2024 წლის 15 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1618 კონსტიტუციური სარჩელი („მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმით დადგენილი წესი საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარუდგენლობის ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.

მოსარჩელე მხარისთვის პრობლემური იყო სადავო ნორმის ბლანკეტური ხასიათი. კერძოდ, არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები, იგი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენას დასაშვებად მიიჩნევდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საუბარია მძიმე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სამუშაოს ხასიათს შორის პირდაპირ და მჭიდრო კავშირზე. სხვა შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ წინასწარი კონტროლი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის, განმარტებით სადავო ნორმა ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს, თავიდან იქნეს აცილებული საჯარო სამსახურში იმ პირის დასაქმება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის ეფექტიანად და სტაბილურად ფუნქციონირებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ, არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული ექსპერტისა და მის პრაქტიკაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეების შეფასების საფუძველზე დაადგინა, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება უარყოფითად აისახება პირის ქცევასა და ფსიქიკაზე, რაც ხელს შეუშლის მას საჯარო სამსახურში დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურად განხორციელებაში. ამავდროულად, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია დამსაქმებლის ეჭვი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების საჯარო სამსახურში დასაქმების შემდგომ კვლავ მოხმარების საფრთხეებთან დაკავშირებით.

სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის პროპორციულობის ეტაპზე, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად რამდენად პროპორციულია, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს უარი ეთქვას საჯარო თანამდებობაზე დანიშვნაზე საჯარო თანამდებობის და მასთან დაკავშირებული ფუნქციების არსის, ბუნების და სპეციფიკის განურჩევლად.

საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკეული სამსახურების შემთხვევაში, მათი როლისა და მნიშვნელობის, შესასრულებელი ფუნქციების ბუნებისა და დანიშნულების გათვალისწინებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა გამართლებულად მიიჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თანმდევი საფრთხეების თავიდანვე გამოვლენისა და პრევენციის საჭიროება გამართლებულად მიაჩნია იმ საჯარო თანამდებობების შემთხვევაში, რომლით გათვალისწინებული ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება შეიძლება იწვევდეს მორალური თუ მატერიალური მნიშვნელობით შეუქცევად და გამოუსწორებელ ზიანს სახელმწიფოსა თუ ინდივიდებისთვის ან/და დაკავშირებული იყოს დიდ ხარჯებთან და დანაკარგებთან. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პირებზეც, რომლებიც დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, მონაწილეობენ გადაწყვეტილებათა მიღებასა და აღსრულებაში.

ამასთანავე, სასამართლომ არ გამორიცხა, რომ ცალკეული საჯარო სამსახურის შემთხვევაში, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა შეიძლება წარმოადგენდეს უფლებაში ჩარევის გადამეტებულ, არაკონსტიტუციურ საშუალებას. თუმცა, ამგვარი მსჯელობა სასამართლოს მხრიდან შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რაც ამ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან იდენტიფიცირებული არ ყოფილა.

დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.