სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 15 ნოემბერს 11 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელები N1234, N1235).

სადავო ნორმების თანახმად, ზოგიერთი სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოწმის დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

მოსარჩელის განმარტებით 1998 წლის კოდექსით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის წესი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოქმედი, 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესისაგან. მაგალითად, 1998 წლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწმის ვალდებულებას გამომძიებლისა და პროკურორის გამოძახებით გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში და მისცეს ჩვენება, უარის შემთხვევაში კი განსაზღვრულია მოწმის იძულებით მოყვანის ღონისძიებები. ამის საპირისპიროდ, 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს საგამოძიებო სტადიაზე მოწმის გამოცხადების ვალდებულებას მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოძახების შემთხვევაში.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ყველა ბრალდებულსა და მოწმეს უნდა გააჩნდეს თანაბარი საპროცესო უფლებები, სადავო ნორმები კი  მათ მიმართ ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას, იმის მიხედვით, თუ რა სახის დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები თვლიან, რომ ირღვევა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ირღვევა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას განაპირობებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით; ბ) 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა და XXXVII თავის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.