სიახლეები

„საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2018 წლის 19 ოქტომბერს, 11 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №767 და №1272).

 სადავო რეგულაცია ითვალისწინებს პირის მიერ სასამართლოს მანდატურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ავტომატურად, 50 წლის მიღწევისას. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, კანონმდებლობა ამ პროცესში გამორიცხავს პირის ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საფუძველზე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობისა და სახელმწიფო თანამდებობიდან თვითნებური გათავისუფლებისაგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებებს.

 საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.