სიახლეები

საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის პირველ ნოემბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელი N779).

სადავო ნორმების თანახმად პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამათლოში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შედეგად მოსდევს დიდი ოდენობით ჯარიმის დაკისრება, ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა და ა.შ. პირს უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ორი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271–ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვების „გარდა ამ კოდექსის 272–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა", 272–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა" და მეორე წინადადების სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა"; ამავე ნაწილის „გ" ქვეპუნქტის სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა" და „დ" ქვეპუნქტის სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.