სიახლეები

საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 18 ოქტომბერს, 11 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №744).

 სადავო ნორმის საფუძველზე, 10 წლის ვადით თანამდებობაზე განწესებულ მოსამართლეებს, რომლებსაც ამ ვადის გასვლამდე უსრულდებათ 65 წელი, უწყდებათ უფლებამოსილება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა კონკრეტული მოსამართლის კვალიფიკაციის, უნარებისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, ბლანკეტურად ვრცელდება ყველა 65 წელს მიღწეულ პირზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობისა და სახელმწიფო თანამდებობიდან  თვითნებური გათავისუფლებისაგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებებს.

 საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.