სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გუშინ გვიან ღამით საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად სუს-ის ხელმძღვანელობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა.
 საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთ წარმომადგენელს, მონაწილეობა არ მიუღია მსგავსი ტიპის შეხვედრაში. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას, შედგა თუ არა საქართველოს პარლამენტში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტში მითითებული შეხვედრა.
იმედს გამოვთქვამთ, მედიასაშუალებები მეტი ყურადღებით მოეკიდებიან მათ მიერ გავრცელებული ფაქტების სიზუსტის გადამოწმებას, ვინაიდან მსგავსი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დააზიანოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი.