სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიხურა საზაფხულო სკოლა თემაზე „საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართალი“

დღეს, 16 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა თემაზე „საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართალი“ დაიხურა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ და დამადასტურებელი სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცა. მსმენელებს სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცა იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა ედვარდ შრამმა. დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები მერაბ ტურავა და ირინე იმერლიშვილი.

საზაფხულო სკოლა ჩატარდა ფოლკსვაგენის ფონდის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა იენის ფრიდრიხ შილერისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობით. პროქტის პარტნიორი იყო საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა სამართლის მიმართულების 15 სტუდენტმა მიიღო, მათ შორის იყვნენ დოქტორანტებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

სალექციო კურსს უძღვებოდნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა, ასევე ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ბერლინიდან, თიუბინგენიდან და იენიდან.

საზაფხულო სკოლაში განიხილეს საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის როგორც საფუძვლები, ასევე აქტუალური პრეცედენტები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკიდან.