სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ

2017 წლის 24 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის №697) არსებითად განხილვის სხდომა. (მოსარჩელე - საქართველოს სახალხო დამცველი; მოპასუხეები - საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი).

მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის დადგენის წესს. მისი აზრით, სადავო ნორმები ბუნდოვანი შინაარსისაა, რაც ქმნის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და საკუთარი უფლებამოსილებების გადამეტების მომეტებულ საფრთხეს.

კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენა არ საჭიროებს წინასწარ სასამართლო ნებართვას. ამასთან, შეზღუდულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებული ქმედებების შემდგომი სასამართლო კონტროლიც. შესაბამისად, სახეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევის მაღალი რისკი.

მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმები ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებენ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ამგვარი შეზღუდვა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისათვის, რაც, მისი განმარტებით, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობისა და პირადი ცხოვრების, მის მიმართ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის, ან ასეთი სასჯელის გამოყენების, აგრეთვე, თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლებებს.

დავის საგანი - ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის", საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის"   მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, აგრეთვე მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის", საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის" მე-2 მუხლის,  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების  კონსტიტუციურობა   საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის", საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის" მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა  საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით; ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის" მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით).

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/11/697 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ" შეგიძლიათ იხილოთ აქ.