სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები - პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს მოქალაქეების - ავთანდილ ბარამიძის, გივი მითაიშვილის, ნუგზარ სოლომონიძის და სხვების (სულ 326 სარჩელი) კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები ასაჩივრებენ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის ქონას, აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის უფლებამოსილების მინიჭებას. მოსარჩელეთა მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებისას, სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა, ისევე, როგორც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობა, არ უნდა ჰქონდეს ამგვარი მონაცემების შეგროვებაზე პროფესიულად დაინტერესებულ, საგამოძიებო ორგანოს. სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის, დაკომპლექტების წესისა და ფუნქციების გათვალისწინებით, მოსარჩელეები მას სწორედ ასეთ უწყებად მიიჩნევენ. ამასთან, მათი აზრით,  სააგენტოს საქმიანობაზე არ არსებობს ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმები, რაც ზრდის ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკებს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ წარსულში უკვე ცნო არაკონსტიტუციურად 2016 წლის 14 აპრილის N1/1/625,640 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ისინი ითხოვენ სადავო ნორმების გამარტივებული წესით, არსებითად განხილვის გარეშე, განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა 2016 წლის 14 აპრილის N1/1/625,640 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტები და მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა უფლებამოსილი ორგანოსათვის საგამოძიებო ფუნქციების ქონამ, მის მიერ ტექნიკური შესაძლებლობის გასაიდუმლოებული არქიტექტურის შექმნამ და ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელთ არსებული კონტროლის მექანიზმების არაეფექტურობამ ერთობლივად განაპირობა.

სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილის N1/1/625,640 გადაწყვეტილების მიღებისას არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება შეადარა სადავო ნორმებით დადგენილ რეგულაციას და მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობით არაკონსტიტუციურად ცნობილ მოწესრიგებასთან შედარებით გაზრდილია უფლებამოსილი ორგანოს დამოუკიდებლობის ხარისხი, ისევე, როგორც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გარე კონტროლის განხორციელების ეფექტურობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოქმედი სადავო ნორმები არ არის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტური შინაარსის და შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელები იმ ნაწილში, რომელიც მიემართება სააგენტოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის ქონას, აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის უფლებამოსილების მინიჭებას, ამასთან ამ მიზნით ელექტრონული კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსების/დამონტაჟების შესაძლებლობას, მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

საოქმო ჩანაწერს თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების გიორგი კვერენჩხილაძის, ირინე იმერლიშვილის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.