სიახლეები

სს „კაპიტალ ბანკი“, შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 1 დეკემბერს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება განმწესრიგებელი სხდომა „სს „კაპიტალ ბანკის“, შპს „ESOL B.V.-ის“  და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტას კონსტიტუციურ სარჩელზე (რეგისტრაციის №1233) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

სადავო ნორმის თანახმად, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია მისი მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმა გამორიცხავს საერთო სასამართლოების მიერ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას მათ შორის იმ შემთხვევაში როდესაც მხარეს ადგება გამოუსწორებელი ზიანი.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით  სს „კაპიტალ ბანკს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და შედეგად დაექვემდებარა ლიკვიდაციას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის გამო ვერ ხდება ხსენებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება სასამართლოს მიერ, რითაც ირღვევა მისი საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებები.

მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.