სიახლეები

2018 წლის 12 იანვარს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის ევა გოცირიძის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

2018 წლის 12 იანვარს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის ევა გოცირიძის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე დებს ფიცს.

ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს  სიტყვით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ. მან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს წარმატებული  საქმიანობა უსურვა.

 ,,ვულოცავ ქ-ნ ევას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობას. ქალბატონ ევა გოცირიძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის, გახლდათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი  საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;  საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი და  სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი უზენაეს სასამართლოში.  მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი საერთაშორისო სამართლში.   ეწევა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერი საქმიანობას. იგი არის არაერთი წიგნის, სტატიისა თუ პუბლიკაციის ავტორი. აგრეთვე, მისი საქმიანობა და გამოცდილება უკავშირდება ადამიანის უფლებათა სფეროს“ - განაცხადა ზაზა თავაძე

ფიცის დადების შემდეგ სტუმრებს ევა გოცირიძემ მიმართა:

"ჩემთვის  დიდი პატივია ეს თანამდებობა. ვიქნები იმ ფიცის ერთგული, რომელიც დღეს დავდე. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტილებისას კონსტიტუციით ვიხელმძღვანელებ. ვერ წარმომიდგენია იურისტისთვის იმაზე უფრო საპატიო თანამდებობა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობაა, ამიტომ ყველანაირად ვეცდები ჩემი ცოდნა და გამოცდილება  ამ საქმეს მოვახმარო“ - განაცხადა ევა გოცირიძემ

ფიცის დადების ცერემონიალს ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე იყო:

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში (2005 – 2006);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი (საქართველოს უზენაესი სასამართლო  2000-2005);
  • საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი (1997-2000);
  • საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი ( საქართველოს უზენაესი სასამართლო 1994-1996);
  • სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი (საქართველოს უზენაესი სასამართლო 1992-1996);
  • სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსი ( საქართველოს უზენაესი სასამართლო 1996);
  • უფროსი კონსულტანტი (საქართველოს უზენაესი სასამართლო (1992-1996);

ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად საქართველოს პარლამენტმა  პლენარულ სხდომაზე აირჩია 2017 წლის 1 დეკემბერს.