სიახლეები

2018 წლის 16 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპი

სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) წარმოადგენს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლების შეზღუდვის საფუძველს უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადების შეძენის მაღალი რისკის შემცველი ქცევა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, სქესობრივი კავშირი ორ ან მეტ პარტნიორთან უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც ადრე ჰქონდა სისხლის გზით გადამდები ინფექცია და სხვა. ამასთანავე, ამგვარი ქცევა შესაძლოა განხორციელდეს, როგორც მსმ პირების, ისე ჰეტეროსექსუალი პირების მიერ, თუმცა სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების შეზღუდვას 10 წლის ვადით დისკრიმინაციულად აწესებს მხოლოდ მსმ პირების მიმართ, ყველა სხვა შემთხვევაში კი დასახელებული უფლება იზღუდება 12 თვის ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ უანგარო დონაცია არის ქველმოქმედების, ადამიანური სოლიდარობის ერთ-ერთი გამოვლინება და წარმოადგენს მათი ალტრუისტული ღირებულებების პრაქტიკული რეალიზების საშუალებას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად,საქართველოში არსებული ტექნოლოგიების პირობებშიც კი ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“, რომლის ფარგლებშიც დონორის სისხლში არსებული ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელია, წარმოადგენს ერთ წელს. შესაბამისად, მსმ ქცევის მქონე პირისათვის სისხლის დონორობის შეზღუდვის 10 წლიანი ვადა არის გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი, ვიდრე ეს მის სისხლში არსებული ამა თუ იმ ვირუსის აღმოსაჩენადაა აუცილებელი. აქედან გამომდინარე, მათი მოსაზრებით არაპროპორციულად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების დანართი №1-ის „სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულების“ 651 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციისმე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.