სიახლეები

2018 წლის 2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქართველოს მოქალაქე მარიანნა მანველიანის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლა

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში იძულებით განთავსების  საფუძვლებს.

მოსარჩელის განმარტებით, წინაპირობები, რომელთა არსებობისას პაციენტი ექვემდებარება არანებაყოფლობით მკურნალობას, განუსაზღვრელი და ბუნდოვანია. ამგვარად, არსებობს პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვითნებურად მოთავსების რისკი. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, პირი, შესაძლოა, მხოლოდ საკუთარი რწმენიდან მომდინარე ქცევის ან საზოგადოებისაგან განმარტოების გამო ჩაითვალოს ფსიქიკური აშლილობის მქონედ და დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის სტაციონარში მოთავსება მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიული დახმარების ალტერნატიულ მეთოდს. ამდენად, სადავო რეგულაცია განაპირობებს პირის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას, ასევე არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ღირსებასა და რწმენის თავისუფლებას.

 საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ:“ და ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ბ) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.