სიახლეები

2017 წლის 19 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება ააიპ ,,ფრემას" კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N734) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 19 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება ააიპ ,,ფრემას" კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N734) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

სადავო ნორმა აწესრიგებს ქონებაზე დადებული ყადაღის დადასტურების საკითხის განხილვის წესს იმ შემთხვევისთვის, თუკი არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან არ ეძლევა საქმის განხილვის შესაძლებლობა ზეპირი მოსმენით.

ამასთანავე, სადავო რეგულაციის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას საგადასახადო დავალიანება. მოსარჩელის აზრით, საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებას აძლევს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის ქონებაზე, რაც გაუმართლებლად ზღუდავს პირის საკუთრების უფლებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.