სიახლეები

ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის წევრი (BBCJ)საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 3-4 აპრილს  თბილისში, სასტუმრო „ვინოტელში“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით მიმდინარეობს ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) წევრ საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა ასოციაციის მე-3 კონგრესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ შორის, პოლონეთის საკონსტიტუცი ტრიბუნალის  განაცხადი ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე.

ღონისძიებას  საქართველოს, ლიტვის, მოლდოვის და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები ესწრებიან.

2018 წლის იანვრიდან ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის  რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) თავმჯდომარეობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  უწევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასოციაციის თავმჯდომარეობა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოსგან გადმოიბარა.  

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ასოციაციის მესამე კონგრესი 2018 წლის 16-17 მაისს ქალაქ თბილისში გაიმართება.

ასოციაციის მიზანია ადამიანის  უფლებათა  და ძირითად   თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობა,   საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, კანონის უზენაესობის პრინციპების იმპლემენტაცია და ასოციაციის წევრებს შორის გამოცდილების გაცვლის გაღრმავება.

 ბალტიისპირეთისა და შავი ზღვისა  რეგიონის ქვეყნების  კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის დეკლარაციას ხელი მოეწერა ვილნიუსში 2015 წლის 26 ოქტომბერს უკრაინის, საქართველოს, ლიტვისა და მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ.

დეკლარაციის თანახმად, წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოები აცხადებენ მათ განზრახვას, გააძლიერონ კონსტიტუციური მართლმსაჯულება თავიანთ  ქვეყნებში; თანახმა არიან,  ხელი შეუწყონ  დიალოგს  კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ  საკითხებზე; აცხადებენ მათ სურვილს, ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ზრდისა და გაღრმავების მიზნით.

ასოციაციის ორგანოებს წარმოადგენენ გენერალური ასამბლეა და გენერალური სამდივნო, რომელთა მეშვეობითაც იგი ახორციელებს თავის საქმიანობას. ასოციაციის მიზნები და ფუნქციები, მისი სტრუქტურა, მასში გაწევრიანება და ფინანსური ასპექტები  წესდებით  განისაზღვრება.

ასოციაციის თავმჯდომარეობა,  როტაციის წესით,  ერთი წლის ვადით გადადის ასოციაციის წევრ  სახელმწიფოზე  ანბანური თანმიმდევრობის  პრინციპით.