სიახლეები

დასრულდა 5-7 თებერვალს გუდაურში მიმდინარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო შეხვედრა თემაზე - „ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის და ეფექტური წარმომადგე

დასრულდა  5-7 თებერვალს გუდაურში მიმდინარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო შეხვედრა თემაზე  - „ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის და ეფექტური წარმომადგენლობის შესახებ“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის წევრები, სასამართლოს თანამშრომლები,  არასამთავრობო ორგანიზაციების,  საქართველოს პარლამენტის,  სახალხო დამცველის აპარატის  წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ   „მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა,  ვისაუბროთ   ევროკავშირის  სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში  განხორციელებულ  აქტივობებზე და  სამომავლო გეგმებზე.    აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე თვეა პროექტის და სასამართლოს წარმომადგენლები  მოწვეულ ექსპერტთან ერთად   სასამართლოში აწარმოებენ  საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის  დანერგვის მოსამზადებელ სამუშაოებს.  საქმისწარმოების  ელექტრონული  პროგრამის  შემუშავებაში მნიშვნელოვანია მოსამართლეების ჩართულობაც.    ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, სასამარლომ შეძლო ინსტიტუციური განვითარების და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშვება,  იმპლემენტაციის პროცესში   მათი ჩართულობა და  კონტრიბუცია კი ორმაგად ფასეულია“.

შეხვედრაზე მონაწილეებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა პიტერ დენისმა   და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა.

3 დღიან სამუშაო შეხვედრაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის იურისტებმა წარმოადგინეს პროექტები  შემდეგ თემებზე:  სასამართლოს ახალი დებულება; სასამართლოში  საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის კონცეფცია; პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტები საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში; კონსტიტუციური ცვლილებები და მათი გავლენა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე საქართველოში და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის გამოწვევები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო  საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.   შეხვედრის ფორმატის   ფარგლებში,  გაიმართა   კითხვა/პასუხი და დისკუსია არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და დონორ ორგანიზაციებს  შორის შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის  1 იანვრიდან შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ)  თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ასოციაციის მესამე კონგრესს, რომელიც 2018 წლის მაისში ქალაქ თბილისში გაიმართება,  სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმასპინძლებს. დონორი ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ ამ ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციას და მის მოსამზადებელ შეხვედრას.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო შეხვედრა  ჩატარდა  ევროკავშირის  „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის(GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.