სიახლეები
„ვახტანგ დალაქიშვილი და „შპს კავკაზუს ლიმითედი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1872)
2025 წლის 4 და 5 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა, საქმეზე „ვახტანგ დალაქიშვილი და „შპს კავკაზუს ლიმითედი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1872).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულირება განსაზღვრავს მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის (ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება) ანაზღაურების წესს და ამგვარ ვალდებულებას სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს აკისრებს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ეკისრება იმისაგან დამოუკიდებლად, მიუძღვის თუ არა ამ უკანასკნელს ბრალი ზიანის დადგომაში.
მოსარჩელეების პოზიციით, არაბრალეული პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება დასაშვები უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე თავად არღვევს წინდახედულების ნორმებს (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებას სამართავად გადასცემს საამისო უფლების არმქონე ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ პირს) ან როდესაც ბრალეული პირის დადგენა შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში კი, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანი არ არის გამოწვეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით და დადგენილია სამართალდამრღვევი პირის ვინაობა, რომელიც, იმავდროულად, არ იმყოფება სამსახურებრივ ურთიერთობაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის, არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-4 ნაწილის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.