სიახლეები

საქართველოს მოქალაქე გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო N1/22/1209 განჩინება საქართველოს მოქალაქის, გევორგ ბაბაიანის კონსტიტუციურ სარჩელზე (რეგისტრაციის N1209) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც პირს უზღუდავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, რომელიც გამოძიების ხანგრძლივობად განსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა. სამოხელეო დანაშაულებთან მიმართებით კი, ამგვარ ვადად გათვალისწინებულია 15 წელი.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ გამოძიების მიმდინარეობის ხანგრძლივი ვადის გათვალისწინებით, შესაძლებელია, საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელი გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე დადასტურდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს ერთმევა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა, რაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და სახელმწიფოსაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას. მოსარჩელეს ასევე მიაჩნია, რომ გამოძიების პერიოდში მას ეზღუდება რიგი უფლებები, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის ვადა უტოლდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სასტიკ და არაჰუმანურ სასჯელს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რა კუთხით ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი წესი მის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებს. ამასთან, აღნიშნა, რომ მას აგრეთვე არ მიუთითებია კონკრეტულად რა სახის მოპყრობასა თუ სასჯელს ითვალისწინებს გამოძიების მიმდინარეობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები, ან რატომ შეიძლება ეს ჩაითვალოს არაჰუმანურ ან სასტიკ მოპყრობად ან სასჯელად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: ა) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო და შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.