სიახლეები

საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის გიორგი ქართველიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №703) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა  პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი არაერთგზის დაუმორჩილებლობისთვის რვიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (ადამიანის ღირსების უფლება) მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო სასჯელის ბუნდოვანების გამო, საერთო სასამართლოები სადავო ნორმას არასწორად განმარტავდნენ და სადავო სასჯელს ავრცელებდნენ, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე არაერთგზისობის შემთხვევაშიც. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა აწესებდა შეუსაბამოდ მაღალ პასუხისმგებლობას და ლახავდა  საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის ღირსების უფლებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ და კონსტიტუციურ კომპეტენციას წარმოადგენს ქმედების დასჯადად გამოცხადებისა და შესაბამისი სასჯელის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.  ამასთან, კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას აქვს ადგილი იმ შემთხვევაში, როდესაც საერთო სასამართლო ნორმას განმარტავს უშუალოდ კანონმდებლის ნების საწინააღმდეგოდ და დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელისგან განსხავებულ სასჯელს განსაზღვრავს. საქმის არსებითი განხილვის პროცესში დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის მიზანი არასდროს ყოფილა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი არაერთგზის დაუმორჩილებლობის გამო, პირისთვის რვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. თუმცა საერთო სასამართლოების პრაქტიკა ამ მხრივ განსხვავებულია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ  სამართალშეფარდების პროცესში ნორმის ბუნდოვანების გამო, მისი კანონმდებლის ნებისგან განსხვავებულად განმარტების შემთხვევაში, კანონმდებლის კომპეტენციაა  ამ ნორმის ისეთი სახით მოდიფიცირება, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის ნებას და გასაგები იქნება როგორც სამართალშემფარდებლის, ასევე ნორმის სუბიექტისთვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო სასჯელი უმიზნოდ და არაპროპორციულად ჩათვალა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/10/703 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/10/703 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.