სიახლეები

„საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1216)

2018 წლის 27 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების მარინე მიზანდარის, გიორგი ჩიტიძის და ანა ჯიქურიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმას, რომელიც გამორიცხავდა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების გავრცელებას. სადავო ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ძეგლის მესაკუთრე (მოსარგებლე) რელიგიური კონფესიებისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა ძეგლის მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის ან/და მესაკუთრის თანხმობის გარეშე ჩაეტარებინა ძეგლზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები.

მოსარჩელეთა განმარტებით, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზესახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გაუვრცელებლობით სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის (კონსტიტუციის მე-14 მუხლი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი) უფლებებს.

მოპასუხე მხარის მოსაზრებით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლასთან დაკავშირებული ვალდებულებების რელიგიურ კონფესიებზე გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ მიერ რელიგიური დანიშნულების ობიექტების აღმსარებლობისათვის გამოყენებას. ამდენად, სადავო ნორმა ხელს უწყობდა აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს - რელიგიის თავისუფლების რეალიზების ხელშეწყობას. თუმცა, იგი კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების/განადგურების შესაძლებლობას უშვებდა, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ამას რელიგიური რიტუალების აღსრულება არ მოითხოვს. ამდენად,სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებას, ვიდრე საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევადდა ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

დავის საგანი:

ა) საქართველოს მოქალაქე მარინე მიზანდარის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ჩიტიძისა და ანა ჯიქურიძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.