სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სადავო ნორმის თანახმად, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის რიგი ღონისძიებები. კერძოდ, სადავო ნორმა გამორიცხავს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებას, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ძეგლებზე ჩაატარონ გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და რელიგიურ კონფესიებს დააკისრონ პასუხისმგებლობა მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების ან ნებართვის პირობების დარღვევისათვის.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას, რამდენადაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არ ავრცელებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, იმ პირობებში როდესაც აღნიშნული მექანიზმები ვრცელდება სხვა პირების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე. მოსარჩელეთა მტკიცებით, სახელმწიფო ასევე არასრულფასოვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ კონსტიტუციურ ვალდებულებას - დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.