სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები №1234, №1235).

2018 წლის 2 მაისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება  არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1234, №1235) .

№1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებისას მოწმის დაკითხვა ხორციელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის წესი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოქმედი, 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესისაგან. 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწმის ვალდებულებას, გამომძიებლისა და პროკურორის გამოძახებით გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, მისცეს ჩვენება, უარის შემთხვევაში კი განსაზღვრულია მოწმის იძულებით მოყვანის ღონისძიებები. აღნიშნულისაგან განსხვავებით, 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოწმის საგამოძიებო სტადიაზე გამოცხადების ვალდებულებას ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოძახების შემთხვევაში.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ იდენტური საპროცესო სტატუსის მქონე ყველა ბრალდებულსა და მოწმეს უნდა გააჩნდეს თანაბარი საპროცესო უფლებები, სადავო ნორმების საფუძველზე კი მათ მიმართ ხორციელდება დიფერენცირებულ მოპყრობა იმის მიხედვით, თუ რა სახის დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ირღვევა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი).

მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას განაპირობებს (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები).

№1234 და №1235 კონსტიტუციურ სარჩელებს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

  1. 1.    №1234 კონსტიტუციურ სარჩელზე

(ა) 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით;

(ბ) 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ... გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“ და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას და 309-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.

  1. 2.    №1235 კონსტიტუციურ სარჩელზე

2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.