სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია: ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო თუ კვლევითი პროექტების განხორციელება, რესურსების გაზიარება და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძეს, რომელიც ამავდროულად ქართული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელია, უნივერსიტეტი დამფუძნებლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II -ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ: ქართული უნივერსიტეტის პრორექტორი არჩილ ყანჩაველი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი პაპუნა გურული, დეკანის მოადგილე ხათუნა კუხალაშვილი და სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი ქეთევან ხურცილავა, ისაუბრეს თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომელიც მომავალი იურისტებისთვის პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას, საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცეს პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობა, რაც მათ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.