სიახლეები

„სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტი

2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. 

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებს სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამ უფლების გარეშე ტოვებს. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი რეგულირება დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობის უფლებას.

მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ხელშეწყობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის - სახელმწიფოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება.  

სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, მათ შორის, ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება, არ გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის აღნიშნულ გარემოებასთან დაუკავშირებელი პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. კერძოდ, დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თვითმიზანი. სასამართლოს შეფასებით, კონსტიტუციის ამ დებულების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის პრივილეგიების განმტკიცება. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარკვეული შეღავათის მინიჭება არ გულისხმობს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ იმავე შესაძლებლობით სარგებლობის ხელშეშლას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სადავო ნორმის საფუძველზე გადაცემადი ქონების ნუსხა არ არის პირობადებული რაიმე ისტორიული გარემოებით. უფრო მეტიც, სადავო ნორმა საერთოდ არ ქმნის რელიგიური და საკულტო ნაგებობების პრივატიზების სამართლებრივ საფუძველს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით ეკლესიამ შეიძლება საკუთრებაში უსასყიდლოდ მიიღოს პრივატიზებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება, თუ იარსებებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება. ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება შეუძლებელს ხდის ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, არ დასტურდება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პრივილეგია არის ეკლესიის ისტორიული ღვაწლის აღიარებიდან მომდინარე, ისტორიულ გარემოებასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგი.

ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი არსებითად თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლის კომპეტენციაა, შესაბამისად, არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადადო 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის თანმხვედრი აზრი.

დავის საგანი:

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.