სიახლეები

2026 წლის 29 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1794 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2026 წლის 29 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1794 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმები განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის ფარგლებში, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, რის გამოც, პირი დაწესებულებაში შესაძლებელია, დარჩეს მაშინაც, როდესაც იგი აღარ საჭიროებს მკურნალობას. აღნიშნული იწვევს ადამიანის ღირსების ხელყოფას და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებთან შედარებით ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

მოპასუხე მხარის პოზიციით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცედურა იძლევა ინდივიდუალური შეფასების, მკურნალობის საჭიროების დროულად გადახედვისა და შეწყვეტის შესაძლებლობას, რის გამოც იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის ღირსების ხელმყოფ ინსტიტუტად. იმავდროულად, იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირები, მათგან მომდინარე მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ არანებაყოფლობით მკურნალობას დაქვემდებარებული პირების არსებითად თანასწორ პირებად.

საკონსტიტუციო სასამართლომ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ბუნების, მისი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ინტენსივობის და სახელმწიფოს ინსტიტუციური კონტროლის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული მკურნალობის ხანგრძლივობამ, პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის დაცვისთვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, შეიძლება მიაღწიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ ეფუძნება პირის ფსიქიკური მდგომარეობის რეალურ საჭიროებას და მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის გაგრძელების ობიექტური აუცილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პროცედურული გარანტიების არსებობაზე, რომელთა ერთობლიობამაც, რეალურად, უნდა უზრუნველყოს იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების პრევენცია. სასამართლომ, ამგვარ აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებად მიიჩნია, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების რეგულარულად, გონივრული პერიოდულობით ობიექტური და მიუკერძოებელი შემოწმების პროცესის, პირისთვის მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის ინიცირებისა და სათანადო სასამართლო კონტროლის არსებობის ვალდებულება.

საკონსტიტუციო სასამართლომ, დაადგინა, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში, ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც ქმნის იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები აღარ საჭიროებდა დამოუკიდებლად შეფასებას თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. იმავდროულად, სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.