სიახლეები

2018 წლის პირველ მარტს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღ

2018 წლის პირველ მარტს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №882).

2018 წლის პირველ მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №882).

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის იმ ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომლებიც დასჯად ქმედებად აცხადებს: ა) 0,1315 გრამი კანაფის ფისის შეძენასა და შენახვას; ბ) 0,1315 გრამი კანაფის ფისის არაერთგზის შეძენასა და შენახვას; გ) 0,1315 გრამი კანაფის ფისის შეძენასა და შენახვას, ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული. კონსტიტუციურ სარჩელში, ასევე, სადავოდაა გამხდარი ზემოხსენებული ქმედებებისთვის დადგენილი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.

მოსარჩელის თქმით, სრულწლოვანი პირის მიერ 0,1315 გრამი კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა და შენახვა წარმოადგენს მისი ავტონომიური ნების გამოხატულებას. აღნიშნული ქმედება არ არის სოციალური საშიშროების მატარებელი. შესაბამისად, სადავო ნორმები, დასახელებული ქმედებების აკრძალვით ლახავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებებისთვის დადგენილი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.