29 ივლისი, 2013

საზაფხულო სკოლა 2013 დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომელსაც სასამართლო 2008 წლიდან ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის მხარდაჭერით. წლევანდელ კონკურსზე მონაწილეთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
250 მსურველიდან ტესტირების გავლის შემდეგ 70 მონაწილე შეირჩა მეორე ეტაპისთვის, რომლებმაც გასაუბრება გაიარეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან და საბოლოოდ, 2013 წლის საზაფხულო სკოლას 26 სტუდენტი გაივლის.

სპეციალურად საზაფხულო სკოლაში ლექციების წასაკითხად ჩამოდიან ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორები: ამერიკის სამართლისა და მართლმსაჯულების სოლიდარობის ცენტრის პრეზიდენტი ჯეიმს პ. კელი, ჯული სიმენი - ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, დევიდ მაკროუ - „ნიუ იორკ თაიმსის“ გენერალური კონსულის მოადგილე და თანაშემწე.

საზაფხულო სკოლის პირველი დღე გახსნა საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა, რომელიც სტუდენტებს მიესალმა და შემდგომ ლექცია წაიკითხა თემებზე: კონსტიტუციური მართლმსაჯულება, მისი წარმოშობა და თნამედროვე განვითარება; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიისა და პრაქტიკის მიმოხილვა. მომდევნო დღეებში სხვადასხვა თემებზე ლექციებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის’' დირექტორი ნიკა გვარამია, არასამთვრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დავით პაიჭაძე.

საზაფხულო სკოლა ათ დღეს გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებითა და საცხოვრებელი პირობებით.