27 ივლისი, 2012

საზაფხულო სკოლის დაჯილდოვების ცერემონიალი

 

2012 წლის 27 ივლისს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა საზაფხულო სკოლისკონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლისდაჯილდოვების ცერემონიალი. საზაფხულო სკოლის 29 მონაწილეს სერთიფიკატები გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა.

საზაფხულო სკოლა უკვე მეხუთე წელია საკონსტიტუციო სასამართლოში ტარდება. მისი მონაწილეები არიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ისინი კონკურსის წესით შერჩნენ და ორი კვირის განმავლობაში უტარდებოდათ სემინარები შემდეგ თემებზე: კონსტიტუციური სტანდარტები სისხლის სამართლის პროცედურებში; სიტყვის და რელიგიის თავისუფლება. 

მონაწილეებს ლექციებს უკითხავდნენ დასავლეთ ევროპის და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სამართალმცოდნეები. ტრენინგის ფარგლებში საზაფხულო სკოლის სტუდენტებმა გამართეს იმიტირებულ სასამართლო პროცესები.

საზაფხულო სკოლა ჩატარდა  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით.