28 მაისი, 2019

გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №704 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს არ ეძლეოდა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ხანგრძლივი პაემანი მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ნაწილია. იგი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მიერ საკუთარ ოჯახის წევრებთან ინტიმურ გარემოში კონტაქტის შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელის მის რესოციალიზაციას. შესაბამისად, აკრძალვა არღვევდა მის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას.

მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმა შესზღუდვას ადგენდა დანაშაულისა და არეულობის აღკვეთის, აგრეთვე პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტი განსხვავებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირების მიმართ. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაამყაროს და შეინარჩუნოს ოჯახური ურთიერთობები, თუმცა ოჯახის წევრებთან კავშირს ვერ ექნება მუდმივი ხასიათი. თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლება მოიცავს მის შესაძლებლობას, იმ ხარისხით და მოცულობით შეინარჩუნოს კავშირი საკუთარ ოჯახის წევრებთან, რაც თავსებადია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან და სახელმწიფოს არ აკისრებს არაგონივრულად მძიმე ტვირთს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობას შეზღუდვა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, საზოგადოების, სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამავე დროს, ამ ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მოთავსება ხდებოდა მათი ქცევისგან მომდინარე  რისკების შეფასების შედეგად. კანონმდებლობით ასევე უზრუნველყოფილი იყო მსჯავრდებულის თავდაპირველი შეფასების შედეგების პერიოდული გადაფასებისა და მათი სასამართლო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. შესაბამისად, განსაკუთრებული რისკის მქონე დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს ეძლეოდა შესაძლებლობა, სათანადო ქცევით გავლენა მოეხდინა შეფასების შედეგებზე, რასაც შედეგად მოყვებოდა მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა და ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მოპოვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი არ იყო ხანგრძლივი პაემნის უფლების ბლანკეტური შეზღუდვა, იგი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თანაზომიერი საშუალება იყო და არ ეწინააღმდეგებოდა პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-6 ნაწილის (2014 წლის 16 აპრილიდან 2017 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების: „ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.