23 მაისი, 2019

ლევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 24 მაისს, 13:30 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ლევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“(კონსტიტუციური სარჩელი №1343).

სადავო ნორმები აწესრიგებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, განსაზღვრავს საფასურის ფიქსირებულ ოდენობებს და აღნიშნული საფასურის დადგენაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს. გარდა ამისა, გასაჩივრებული რეგულაცია ითვალისწინებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ან/და მათი ფილიალებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესს.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ორ კერძო სუბიექტს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობაა. შესაბამისად, მომსახურების საფასურის დადგენა, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პრინციპიდან გამომდინარე, თავად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს უნდა შეეძლოს. ამის საპირისპიროდ, აღნიშნული მომსახურების საფასურის ფიქსირებულ ოდენობებს, მოსარჩელე მხარისათვის გაურკვეველ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ადგენს საქართველოს მთავრობა, რითაც დაუსაბუთებლად იზღუდება ერთი მხრივ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებლის საკუთრების უფლება.

მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ინსპექტირების ცენტრებისათვის აკრედიტაციის/მონიტორინგის საფასურის განსხვავებული ოდენობების დადგენა ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის, საკუთრების და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: ა) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე დადგენილების №2 დანართის (2017 წლის პირველი დეკემბრიდან 2019 წლის 5 მარტამდე მოქმედი რედაქცია) ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის  21-ე და 30-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის  მე-14, 21-ე და 30-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.