28 მაისი, 2019

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რემზი შარაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

2019 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №867 კონსტიტუციური სარჩელი („რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმა ადგენდა აღსრულების პროცესში, ორ აუქციონზე ქონების  რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, მესამე აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ნული ლარით განსაზღვრის შესაძლებლობას. მოსარჩელის არგუმენტაციით, ამგვარი რეგულაცია ქმნიდა ძვირადღირებული ქონების შეუსაბამოდ მცირე ფასად რეალიზაციის შესაძლებლობას და ეწინააღმდეგებოდა საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.

მოპასუხე მხარის პოზიციით, თუკი არ იქნებოდა აუქციონზე ქონების საწყის ფასად ღირებულების ნული ლარით განსაზღვრის შესაძლებლობა, ეს გამოიწვევდა აუქციონების დაუსრულებლად ჩატარებას, რაც გაართულებდა გადაწყვეტილების აღსრულებას და დააზარალებდა კრედიტორთა ინტერესებს. შესაბამისად, სადავო ნორმა აბალანსებდა კრედიტორთა და ქონების მესაკუთრეთა ინტერესებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუცია არ ადგენს იძულებითი აუქციონების უსასრულოდ გამართვის ვალდებულებას. შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ქონების მაღალ ფასად გაყიდვის პერსპექტივა მინიმალურია, შესაძლებელია, ობიექტურად აუცილებელი იყოს ქონებაზე საწყის ფასად ნული ლარის განსაზღვრა. თუმცა, ნულოვანი აუქციონის ჩატარებამდე სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა, ქონების სათანადო ფასად რეალიზების უზრუნველსაყოფად.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველ და მეორე აუქციონზე ქონების საწყისი ფასის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღებოდა მასზე არსებული გარდამავალი უფლებები (მაგალითად, იპოთეკა). ნივთზე არსებული გარდამავალი უფლებები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად ამცირებდეს გასაყიდი ქონების რეალურ  ღირებულებას. შესაბამისად, არსებული რეგულირების ფარგლებში, შესაძლებელი იყო, პირველ ორ აუქციონზე განსაზღვრული საწყისი ფასი ქონების რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მაღალი ყოფილიყო, რასაც ბუნებრივია, მინიმუმამდე დაჰყავდა მისი რეალიზების ალბათობა.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნულოვანი აუქციონის ჩატარებამდე სახელმწიფო არ იღებდა ყველა გონივრულ ზომას ქონების უფრო მაღალ ფასად რეალიზებისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

დავის საგანი: „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.