ახალი ამბები

14 ნოემბერი, 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №879 კონსტიტუციური სარჩელი

2019 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №879 კონსტიტუციური სარჩელი („ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმის თანახმად, იძულებითი აღსრულების პროცესში გამართული აუქციონი (პირველი აუქციონი და ორი განმეორებითი აუქციონი) უშედეგო აღმოჩნდა და მოვალის ქონება არ გაიყიდა, იგი თავისუფლდება კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და მასზე აღარ დაიშვება სააღსრულებო წარმოების განხორციელება.

მოსარჩელის მიიჩნევდა, თუ დაყადაღებული ქონება ყადაღისაგან გათავისუფლდება და იგი მოვალეს დაუბრუნდება, კრედიტორს აღარ დარჩება შესაძლებლობა, ეფექტურად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მოპასუხე მიუთითებდა, რომ სამი აუქციონის გამართვის გზით, სახელმწიფო მიმართავს ქონების რეალიზების ყველა გონივრულ ზომას და, ამდენად, დამატებით აუქციონის ჩატარება დროში მხოლოდ გააჭიანურებს სააღსრულებო პროცესს. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა ემსახურებოდა აღსრულებისათვის საჭირო ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვას.

სასამართლომ შეაფასა რამდენად წარმოადგენდა სადავო რეგულირება ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაძლებელი იყო იმგვარი სააღსრულებო მოდელის შექმნა, სადაც, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის ინტერესი იქნებოდა უზრუნველყოფილი, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება უკეთ აღსრულდებოდა. მაგალითად, სასამართლომ ასეთად განიხილა რეგულირება, რომლის ფარგლებშიც ქონების აუქციონზე რეალიზების შეუძლებლობის შემთხვევაში მოხდებოდა კრედიტორისათვის ქონების ნატურით საკუთრებაში გადაცემის შეთავაზება. ამასთან, აუქციონის უშედეგოდ დასრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შესაძლებელია გასასხვისებელ ქონებაზე გაიზარდოს საბაზრო ინტერესი. შესაბამისად, სამჯერ აუქციონის უშედეგოდ დასრულების შედეგად სამუდამოდ არ უნდა გამოირიცხებოდეს ქონების გასხვისების შესაძლებლობა.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით ხდებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტი) არათანაზომიერი შეზღუდვა, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.