ახალი ამბები

20 მარტი, 2018

საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 21 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №879) არსებითი განხილვა.
სადავო ნორმის თანახმად, თუ დადგენილი წესით სამჯერ ჩატარებული აუქციონი (პირველი აუქციონი და ორი განმეორებითი აუქციონი) უშედეგო აღმოჩნდა და მოვალის ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და მასზე არ დაიშვება განმეორებით ყადაღის დადება.
მოსარჩელის განმარტებით, თუ მოვალის ქონება ყადაღისაგან გათავისუფლდება და ვერ განხორციელდება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ღონისძიებები, კრედიტორს აღარ დარჩება შესაძლებლობა, ეფექტურად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.