ახალი ამბები

02 ივლისი, 2018

საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ნინოშვილი, ლევან ჩაჩანიძე და მაია კანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 3 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ნინოშვილი, ლევან ჩაჩანიძე და მაია კანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №724).

სადავო ნორმები აწესებს სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულსამართლებრივ სანქციებს ნარკოტიკულ საშუალებებთან და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული დასჯადი ქმედებებისთვის, განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს და ითვალისწინებს სხვადასხვა სახის უფლებების ჩამორთმევას ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირებისთვის.

მოსარჩელეები ბრალდებულნი და მსჯავრდებული არიან სადავო ნორმებით გათვალისწინებული სხვადასხვა ნარკოტიკული დანაშაულისთვის. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების პირადი მოხმარების მიზნით, დამზადებით, შეძენით ან შენახვით, ზიანი შეიძლება მიადგეს მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს. მოსარჩელეთა აზრით, გაუმართლებელია სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება ისეთი ქმედებისთვის, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს (ამსრულებელს) უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული სხვათა უფლებების ხელყოფისაკენ. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლომ შეარჩიოს სასჯელის ის ფორმა და ზომა, რაც შეესაბამება განხორციელებული ქმედების რეალურ სოციალურ საშიშროებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს და მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.  

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები არ ადგენს მცირე ოდენობას ისეთი ნარკოტიკული საშუალებებისთვის, როგორიცაა ამფეტამინი და მესკალინი, რის გამოც მათი მიკროსკოპული ოდენობაც კი კვალიფიცირდება დიდ ოდენობად. შედეგად, დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების მინიმალური ოდენობით შემძენი და შემნახველი აუცილებლად ისჯება თავისუფლების აღკვეთით, განსხვავებით ისეთი ნარკოტიკული საშუალების შემძენისა და შემნახველისგან, რომლისთვისაც განსაზღვრულია მცირე ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთათვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევა წარმოადგენს ერთგვარ პრევენციულ მექანიზმს, რათა აღნიშნულმა პირებმა მომავალში არ შეუქმნან საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. მოსარჩელეთა აზრით, პირის დასჯა უნდა მოხდეს იმ ქმედებისთვის, რომელიც მან უკვე ჩაიდინა და არა იმისთვის, რაც შესაძლოა მან სამომავლოდ ჩაიდინოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის პირველ პუნქტს და მე-40 მუხლის პირველ პუნქტს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

(ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“), 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“), 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“), 273-ე მუხლის სიტყვების: „ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2016 წლის 24 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია), „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ში წარმოდგენილი სიის მე-12, 73-ე, 76-ე და 107-ე ჰორიზონტალურ გრაფებში მითითებული ოდენობების (2016 წლის 24 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია), „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის სიტყვების: „დოფამინერგულად მოქმედი ნაერთები: ... აგრეთვე ყველა ის ნივთიერება ან მინარევი, რომელიც ფენეთილამინის (Phenethylamin) … ქიმიურ სტრუქტურას შეიცავს“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების: „ ... ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ...“ (2016 წლის 24 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

(ბ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის სიტყვების: „„ა“ ... ქვეპუნქტ(ებ)ით გათვალისწინებული უფლებები - 5 წლით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.