ახალი ამბები

05 ივლისი, 2019

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ  შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ზაზა თავაძემ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გააცნო. 

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე, როგორც უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილმა პატივისცემა გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ, გამოთქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობისთვის და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიწვია.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლეებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს სტუმრობისთვის და დაადასტურეს მზადყოფნა პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის.   

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.