ახალი ამბები

08 ნოემბერი, 2018

საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ

2018 წლის 9 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1275).

სადავო ნორმები აწესრიგებს გლობალურ ქსელში დაუშვებელ პროდუქციას მიკუთვნებული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის საკითხს.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით განსაზღვრული ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა: დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისთვის ინტერნეტდომენის გამცემის მიერ ინტერნეტგვერდის დაბლოკვა, აგრეთვე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის განკავშირება, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული რეგულაციები წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დანაწესს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნასთან, რომლის თანახმადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ წარმოადგენს რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებებს.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, „დაუშვებელი პროდუქციის“ დეფინიცია ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნებს, რაც მომსახურების მიმწოდებლებსა და ინტერნეტდომენის გადამცემებს აძლევს შესაძლებლობას თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ექცევა თუ არა განთავსებული პროდუქცია დაუშვებელი პროდუქციის დეფინიციის ქვეშ და შეზღუდონ გარკვეული ინფორმაციის გავრცელება ან დაბლოკონ მთლიანი ინტერნეტგვერდი. ეს ყოველივე კი იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ და დაუშვებლად ზრდის სახელმწიფოს თვითნებობისა და ადამიანის უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. დავის საგანი: „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.