ახალი ამბები

22 დეკემბერი, 2016

2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება და საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება და საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N770). საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

მოსარჩელისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის სანქციად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სანქცია არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ზედმეტად მკაცრია და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში ნორმები იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. სასამართლომ ნორმის ეს ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო გამარტივებული წესით, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი სადავო ნორმების იმ შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისათვის.

საქმეს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.