ახალი ამბები

10 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ექიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი № 1347).

 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა დასჯად ქმედებად აცხადებს ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენასა და შენახვას და აღნიშნული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალებების - ამფეტამინის (0,00002 გ.) და მეტამფეტამინის (0,000097 გ.), დიდი ოდენობით, უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ამფეტამინსა და მეტამფეტამინს არ გააჩნიათ მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც, დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა, განურჩევლად იმისა, გამოსადეგია თუ არა იგი მოსახმარად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 0,000097 გ. მეტამფეტამინი და 0,00002 გ. ამფეტამინი არ წარმოადგენს მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის ამფეტამინისა და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვა არ უქმნის საფრთხეს არც საზოგადოებრივ ჯანდაცვას და არც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ამფეტამინის და ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის იმ ოდენობით შეძენისა და შენახვისთვის, რომელიც გამოუსადეგარია პირადი მოხმარებისთვის; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ამფეტამინის (0,00002 გრამის ოდენობით) და ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის (მარილი) (0,000097 გრამის ოდენობით) შეძენისა და შენახვისთვის.