ახალი ამბები

11 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1304)

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმით განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის საფასურის გამოთვლის წესი.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ლიცენზიის ვადის გაგრძელების დროს, მისი საფასურის გამოთვლისას არ ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლის რენტაბელობასა და რეალურ საფასურს, რითაც არსებითად არათანასწორ პირთა მიმართ აწესებს თანაბარ მოპყრობას. სადავო ნორმით დადგენილი, რეალურზე მრავალჯერ მაღალი საფასურის გადახდის ვალდებულება გავლენას ახდენს მოსარჩელის საკუთრების უფლებაზე, რომელიც მოიცავს მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრების განკარგვის უფლებას. ამასთან, დაკისრებული ფინანსური ტვირთი ზღუდავს მისი მოქმედების თავისუფლებას ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის სეგმენტში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული საფასურის გადახდის გარეშე იგი ვერ განახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. ხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.