ახალი ამბები

25 სექტემბერი, 2018

2018 წლის 26 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის, „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, განმწესრიგებელი სხდომა (კონსტიტუციური სარჩელი №1294).

გასაჩივრებული ნორმის თანახმად, როდესაც უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებისათვის აუცილებელია საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო მათ არ უღიარებს უცხოეთში მიღებულ დიპლომის შემდგომ განათლებას სრულად და უდგენს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის გავლის ვალდებულებას საქართველოში. ხსენებული კურსის გავლის გარეშე კი მოსარჩელეები არ დაიშვებიან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე და ვერ მოიპოვებენ საექიმო საქმიანობის ლიცენზიას.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დამატებითი დიპლომის შემდგომი განათლების კურსის გავლის ვალდებულება მათ განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც ასეთი ვალდებულება არ აქვთ და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას. 

საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია

დავის საგანი: „იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის N01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.