ახალი ამბები

26 სექტემბერი, 2018

2018 წლის 27 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „შპს სიტი ემ“ და „შპს ჯი ემ თი უძრავი ქონება“ საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1324).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონებში სამშენებლო სამუშაოების დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, განსაზღვრავს ჯარიმის ოდენობას, მისი დარიცხვისა და გამოთვლის წესს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობამ, მისი გამოთვლის წესის გათვალისწინებით, შესაძლოა მიაღწიოს შეუსაბამოდ დიდ თანხას, რაც მათ აყენებს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და წარმოადგენს სასტიკ სასჯელს. ამასთან, სადავო ნორმები ითვალისწინებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამართალდარღვევა სრულად აღმოფხვრილია ან პირის მიმართ გაცემული მშენებლობის ნებართვა ძალადაკარგულია. ხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: ა) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, ამავე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ბ) „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-98 დადგენილების პირველი მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.