ახალი ამბები

07 ნოემბერი, 2018

2018 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1300) არსებითი განხილვის სხდომა

2018 წლის 8 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1300) არსებითი განხილვის სხდომა.

გასაჩივრებული ნორმის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქმის განხილვის დაწყების შემდეგ დანიშნული სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელება ეწინააღმდეგება სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსამართლეთა ცვლილების გამო, დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ყველა მტკიცებულება წარადგინოს და გამოიკვლიოს იმ მოსამართლის წინაშე, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, არსებული კანონმდებლობით სათადარიგო მოსამართლე უფლებამოსილია განაჩენი დააფუძნოს იმგვარ მტკიცებულებებს, რომლებიც პროცესზე მის მიერ უშუალოდ არ გამოკვლეულა, ასეთი გადაწყვეტილება კი დასაბუთების სავალდებულო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი).

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით